რუმინეთში პირველად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო

17 ნოემბერს, შუადღისას რუმინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტულჩის მუნიციპალიტეტის ჩატალკიოის მთელი თემის ევაკუაცია მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 16-17 ნოემბრის ღამით მდინარე დუნაის უკრაინის ნაპირზე დრონებით დაარტყა დიდი მოცულობის თხევადი გაზით დატვირთულ გემს. არის აფეთქების საფრთხე, რაც საწვავის დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, 3-4 კილომეტრის რადიუსში ქმნის საფრთხეს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, პირველად ხდება რუმინეთში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.
ტულჩის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა ორშაბათს, 17 ნოემბერს დაიწყო ჩატალკიოის მოსახლეობის პრევენციული ევაკუაცია:
“გადაწყვეტილება მიღებულია პოტენციური რისკების აღმოსაფხვრელად და მოცემულ არეალში მოსახლეობისა და საკუთრების დასაცავად“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
აგრეთვე, რუმინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა მასშტაბური აფეთქების საფრთხეზე განგაშის მოკლე ტექსტური შეტყობინება ჩატალკიოის მოსახლეობისთვის და მათ ევაკუაციისთვის მომზადებასა და ხელისუფლების ინსტრუქციების შესრულებას ურჩევს.
საფრთხის შემცველი ზონიდან გაჰყავთ ადამიანებიც და ცხოველებიც. ქალაქ ტულჩაში მზადყოფნის რეჟიმშია სახანძრო და გადაუდებელი დახმარების სამსახურების ტექნიკა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს 17 ნოემბრის განცხადებით, უწყების „სარადარო მონიტორინგისა და დაზვერვის სისტემებით გამოვლინდა და თვალყურის დევნების არეალში მოექცა სამიზნეები, რომლებიც გამოჩნდა უკრაინის საჰაერო სივრცეში, ტულჩის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს“.
სამინისტრომ ინფორმაცია მიაწოდა საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექტორის ოფისს და მოსთხოვა ზომების მიღება მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით (უკრაინის იზმაილის რაიონი) მოსახლეობის გასაფრთხილებლად
რუმინეთის თავდაცვის უწყების თანახმად, საკუთრივ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა. რუმინეთი-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს შექმნილ ვითარებაზე გაფრთხილებულები არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?