4 მაისს, რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება, რომლის დანიშვნასაც ხმაურიანი დებატები ახლდა, მათ შორის – ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს 11 კანდიდატი. წინასაარჩევნო გამოკითხვებით, ლიდერობს ულტრანაციონალისტური პარტიის “რუმინელთა ერთობის ალიანსი” (AUR) ლიდერი, ჯორჯე სიმიონი.
სიმიონი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების მომხრეა, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ულტრანაციონალისტი კანდიდატი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.
არჩევნების მეორე ტურში გასვლის შანსი აქვს ასევე რამდენიმე სხვა კანდიდატს. მათ შორის არის ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი, მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტიის საერთო კანდიდატი – კრინ ანტონესკუ და ვიქტორ პონტა – რუმინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად დამოუკიდებელი კანდიდატი.
არჩევნებში კვლავ მონაწილეობს ასევე პროევროპელი კანდიდატი, ცენტრისტული ორიენტაციის ელენა ლასკონი, რომელიც წინა [გაუქმებული] არჩევნებზე მეორე ტურში გავიდა.
2024 წლის ნოემბერში გამართული კენჭისყრის შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი დასახელდა არჩევნებში რუსეთის ჩარევა, ულტრამემარჯვენე, პრორუსი პოლიტიკოსის – კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო TikTok-ის ათობით ათასი ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე.
გაუქმებული შედეგებით, ჯორჯესკუ, ყველასათვის მოულოდნელად, პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში ელენა ლასკონის მეტოქე უნდა გამხდარიყო.
კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ექვსი საქმეა აღძრული, მათ შორის – ფაშისტური ორგანიზაციის წევრობასა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე ყალბი ინფორმაციის მიწოდებასთან კავშირში. თავად ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
საბოლოოდ, მარტის დასაწყისში, რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯორჯესკუს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
ულტრამემარჯვენე პარტიებმა რუმინეთში მიმდინარე პროცესებს ანტიდემოკრატიული გადატრიალება უწოდეს; ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ – ნაციონალ-კონსერვატორების ფლანგმა ბუქარესტი პოლიტიკური ოპონენტების შეზღუდვაში დაადანაშაულა. ამ მხრივ, რუმინეთის ხელისუფლებას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც სდებს ბრალს.
1 მაისს, რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის პროკრემლისტური ტელეარხ RT-ის კორესპონდენტი, ირლანდიელი – ჩეი ბოუიზი, რომელიც მკაფიო ანტიდასავლური პროპაგანდითა და კრემლის მხარდამჭერი აქცენტებით გამოირჩევა. რუმინეთის სასაზღვრო პოლიციაში რადიო თავისუფლების რუმინულ სამსახურს დაუდასტურეს, რომ საზღვარზე, ირლანდიის მოქალაქე შეამოწმეს და გაირკვა, რომ მას ქვეყანაში შესვლა აკრძალული აქვს.
აპრილის მიწურულს, რუმინეთის საოლქო სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. იურისტებმა განმარტეს, რომ სააპელაციო სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს ვერ შეცვლის. მალევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.
მედიამ ამ პროცესებს “უპრეცედენტო იურიდიული ქაოსი” უწოდა და ექსპერტები ვითარების დაძაბვაზე მიუთითებდნენ, თუმცა ამ დაძაბულობამ ვერ შეცვალა უკვე დამტკიცებული გრაფიკი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 18 მაისს გაიმართება.
ფორუმი
