რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს – კანონპროექტი საბოლოო დამტკიცებისთვის დეპუტატთა პალატას გადაეცა

რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა Alliance for the Union of Romanians (AUR)-ის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასოციაციებსა და ფონდებს ევალებათ გამოაქვეყნონ ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობა, რომლებიც მათი დონორები არიან. RFI România-ს ცნობით, კანონპროექტს მხარი 76-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო, წინააღმდეგი 32 მათგანი იყო. ამის შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა დეპუტატთა პალატას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
კანონპროექტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულები არიან რუმინეთის საგადასახადო ადმინისტრაციას (ANAF) ყოველწლიურად წარუდგინონ დეკლარაციები “წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროს შესახებ, მათი წარმომავლობის მიუხედავად, მათ შორის, ყველა ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებით – 5 000 ლეიზე მეტი რაიოდენობის თანხის შემთხვევაში“.
ამ დეკლარაციების წარუდგენლობა გამოიწვევს ორგანიზაციის საქმიანობის ავტომატურ შეჩერებას, ხოლო თუ შეუსაბამობა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს ასოციაციის ან ფონდის საქმიანობის გაუქმებას.
“პლენარულ სხდომაზე AUR-ის, SOS-ისა და PACE პარტიების წარმომადგენლებმა, სენატორებს მოუწოდეს, პროექტისთვის ხმა მიეცათ, არგუმენტად კი გამჭვირვალობის პრინციპი მოიყვანეს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასაც უნდა ახასიათებდეს. ამ ჯგუფების წარმომადგენელმა ევროპული ანგარიშიც კი მოიყვანა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში გამჭვირვალობას მოითხოვს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელ დოკუმენტს გულისხმობს,” – წერს რუმინული გამოცემა G4Media.
ადგილობრივი მედიის ცნობითვე, 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს კანონპროექტს, რომელიც ასოციაციებს დონორების ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებას ავალდებულებს და ამტკიცებს, რომ ეს ზომა ზღუდავს თავისუფალი გაერთიანების უფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს უკვე აქვს წვდომა ფინანსურ ინფორმაციაზე და რომ გამოქვეყნების ვალდებულება ორგანიზაციებს საზოგადოების ეჭვის ობიექტებად აქცევს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა