რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა პოლიტიკოსმა, ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა – ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. მისი მეტოქე იყო მემარჯვენე რადიკალი ჯორჯ სიმიონი, რომელმაც თავდაპირველად არჩევნებში გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მოუწია დამარცხების აღიარება.
ინტენსიური საარჩევნო კამპანიის ფონზე, რუმინეთში ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ქვეყანას კიდევ ერთი მემარჯვენე პოპულისტი ლიდერი უხელმძღვანელებდა, თუმცა პროევროპელმა კანდიდატმა ხმების 53,8% აიღო. მეორე ტურში ხმების 99,8%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონს აქვს 46,2%-იანი მხარდაჭერა. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 65%, რაც 1996 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.