რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი გადადგა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ორშაბათს გადადგომის შესახებ განაცხადა. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ორი თვის წინ საპრეზიდენტო ბათილად ცნო.
„რუმინეთის ამ კრიზისისგან დასაცავად, ვტოვებ პრეზიდენტის თანამდებობას,“ – განაცხადა იოჰანისმა ემოციურ მიმართვაში და დასძინა, რომ ოფისს 12 თებერვალს დატოვებს.
65 წლის იოჰანისი რუმინეთის პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა და უკვე დასრულებული ჰქონდა თავისი ორი ხუთწლიანი ვადა. თუმცა, მისი მმართველობა დეკემბერში გაგრძელდა, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გააუქმა, რომელიც დეკემბრის 8-ისთვის იყო დაგეგმილი.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი არჩვნების პირველ ტურში რადიკალი მემარჯვენე პოპულისტი კანდიდატის, კალინ გიორგესკუს მოულოდნელი გამარჯვება და შემდგომში ს ჩარევასა და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები გახდა.
რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში იოჰანისის გადაყენების პროცედურა წამოიწყო. ზოგიერთი დეპუტატი მმართველი კოალიციიდანაც კი აპირებდა ამ ინიციატივის მხარდაჭერას.
„ეს ყველაფერი უსარგებლო მცდელობაა, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, მე რამდენიმე თვეში მაინც დავტოვებ თანამდებობას,“ – განაცხადა იოჰანისმა.
„ეს დაუსაბუთებელი ნაბიჯია, რადგან არასდროს – ვიმეორებ, არასდროს – დამირღვევია კონსტიტუცია. ეს მავნე პროცესია რადგან… ყველა წაგებული დარჩება და ამით ვერავინ მოიგებს”, – თქვა მან.
იოჰანისმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გადაყენების შედეგები „გრძელვადიანი და უაღრესად უარყოფითი“ იქნება რუმინეთისთვის, რომელიც 2007 წლიდან ევროკავშირის და 2004 წლიდან – NATO-ს წევრი სახელმწიფოა.
„ჩვენი ვერცერთი პარტნიორი ვერ გაიგებს, რატომ აპირებს რუმინეთი თავისი პრეზიდენტის გადაყენებას, მაშინ როცა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი უკვე დაწყებულია”, – თქვა მან.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას ვერ მოიპოვებს, მეორე ტური 18 მაისს შედგება.
ჯერ კიდევ უცნობია, შეძლებს თუ არა კალინ გიორგესკუ მონაწილეობას ამ ხელახალ არჩევნებში.
იოჰანისის გადადგომის განცხადების შემდეგ ბუქარესტში, მთავრობის შენობასთან, გიორგესკუს მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.