რუბიო: აშშ ისრაელს არ დახმარებია ირანზე დარტყმაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირანზე ს შეტევას ისრაელის „ცალმხრივი მოქმედება“ უწოდა. რუბიოს განცხადებით, ირანზე დარტყმებში არ მონაწილეობს და მისი მთავარი პრიორიტეტია რეგიონში მყოფი ამერიკული ძალების დაცვა.
სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, ისრაელმა შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ ირანზე შეტევა თავდაცვისთვის საჭირო ზომა იყო.
მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებისა, რომ ირანზე ისრაელის დარტყმაში არ მონაწილეობდა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებლობა ვაშინგტონსაც დააკისრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის წინააღმდეგ „სიონისტური რეჟიმის აგრესიის მსგავსი აქტები“ ვერ მოხდებოდა შეერთებული შტატების ნებართვისა და მასთან კოორდინაციის გარეშე, ამიტომ ესკალაციის სახიფათო შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკის მთავრობასაც, როგორც „რეჟიმის მთავარ მფარველს“.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ისრაელის არმიის შეტევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებებს დაუბრუნდებიან. ტრამპის თანახმად, აშშ ისრაელისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ირანზე დარტყმის გეგმის შესახებ, მაგრამ მასში არ მონაწილეობდა.
ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვაშინგტონის და თეირანის მოლაპარაკებების მორიგი, აპრილის შემდეგ მეექსვე რაუნდი ამ კვირის ბოლოს ომანში უნდ აგამართულიყო. ომანის ხელისუფლებამ, რომელიც შუამავლის მისიას ასრულებს, ირანზე ისრაელის შეტევა დაგმო და უწოდა საშიშო ესკალაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
დღეს, 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ს განცხადებით, დაარტყეს „ირანის ბირთვული პროგრამის გულს“ – ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაციას „პრევენციული“ უწოდა.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა.
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებს დაარტყა. სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა აფეთქებები ნათანზში, ურანის გამამდიდრებელი ცენტრის რაიონში.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელის არმიის დღევანდელი შეტევის შედეგად დაიღუპა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამი.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრნენ.
განახლება: 13 ივნისს, დილით ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის ტერიტორიისკენ გაუშვა 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა მოსაგერიებლად ამოქმედებულია ისრაელის საჰაერო თავდაცვის მთელი სისტემა.
ფორუმი