რუბიომ ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის მონაწილე მინისტრები მიიღო

ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის (“ქუადი”) მონაწილე ქვეყნებიდან ჩასულ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც 21 იანვარს, სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა, ავსტრალიის, ინდოეთისა და იაპონიის საგარეო უწყებათა ლიდერები მიიწვიეს. საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში პრეზიდენტ ს ინაუგურაციასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.
ანალიტიკოსების აზრით, ეს შეხვედრა შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა ფოკუსში ჩინეთის ყოფნაზე მიანიშნებს. თუმცა, შეხვედრის შემდეგ არცერთმა მინისტრმა არ უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს არც ჩინეთზე და არც სა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გამართულ სატელეფონო საუბარზე.
ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ, საგარეო უწყებათა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
„ჩვენი ოთხი სახელმწიფო ინარჩუნებს იმის რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი, ეკონომიკური შესაძლებლობები, მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება ყველა სფეროში, სანაოსნო სფეროს ჩათვლით, საფუძვლად უდევს ინდოეთ-წყნარი ოკეანის ხალხების განვითარებასა და კეთილდღეობას. ჩვენ ასევე კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ცალმხრივ ქმედებას, რაც მიზნად ისახავს სტატუს-კვოს შეცვლას ძალის გამოყენებით, ან იძულებით“, – ამბობს “ქუადის” საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება.
„მზად ვართ გავაძლიეროთ რეგიონული საზღვაო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური უსაფრთხოება მზარდი საფრთხეების ფონზე, ისევე როგორც ხელი შევუწყოთ საიმედო და მტკიცე მიწოდების ჯაჭვებს”, – ნათქვამია მათი განცხადების დასასრულს.
“ქუადის” წევრებთან შეხვედრამდე, რუბიო დილით სახელმწიფო დეპარტამენტის შენობის შესასვლელში შეკრებილ ასობით თანამშრომელს შეხვდა. ახალმა სახელმწიფო მდივანმა მათ უთხრა, რომ ვაშინგტონი ისეთ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, რომლის ეპიცენტრშიც შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები იქნება:
“ყველაფერი ის, რაც ჩვენ გაგვაძლიერებს, უფრო უსაფრთხოს გაგვხდის და [ქვეყნის] უფრო მეტად აყვავებას შეუწყობს ხელს, ჩვენი მისია იქნება”, – თქვა რუბიომ და დასძინა, რომ “ამერიკა შეეცდება კონფლიქტების თავიდან აცილებას, მაგრამ იმავდროულად არასდროს დათმობს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და არ გაიღებს მსხვერპლად მთავარ, ფუნდამენტურ ფასეულობებს.”
რუბიომ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის და ასევე ისაუბრა საგარეო პოლიტიკაში გასატარებელი ცვლილებების საჭიროებაზე. მისი თქმით, ცვლილებები იქნება, მაგრამ არა “დესტრუქციული” ან “სადამსჯელო” ხასიათის.