პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილს, ინტერპრესნიუსთან, ამბობს:
მმართველი გუნდისთვის და საერთოდ ქართული პოლიტიკისთვის საშინაო პოლიტიკაში მთავარი პრობლემა არის, თან ძალიან სერიოზული – რეალობის არაადეკვატურად აღქმა. ანუ, რა რეალობაა საშინაო პოლიტიკაში და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად.
თუნდაც მოცემულობად რომ მივიღოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ეს შედეგები მივიღოთ, როგორც ფაქტი – ამ დაშვების შემთხვევაშიც კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა მისცა 800 ათასზე მეტმა ადამიანმა როდესაც 800 ათასი ადამიანი შენი წინააღმდეგია, ასეთ პირობებში იმ პოლიტიკის გატარება, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებს, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხისტად და არაფრის დათმობას არ აპირებს, არც კომპრომისს, არც დიალოგს, ოპონენტებს მტრად აცხადებს და პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციას ახდენს, ეს არის პრაქტიკულად სამოქალაქო ომზე წასვლა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ.
800 ათასი ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდა და ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა. ეს არა მარტო ქვეყანაში არსებული განწყობების მაჩვენებელია. რუსთაველზე ხალხის რაოდენობა ხან იკლებს, ხან საკმაოდ მაღალია, მაგრამ, ფაქტია რომ სულ არის. ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ასეთი მრავლხნიანი პროტესტი არავის არ გვახსოვს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულია ეს უკმაყოფილება და ამის იგნორირება, შეთქმულების თეორიებით ახსნა, ვიღაცეები ახელფასებენ. დაფინანსებული აქციებიც მინახავს და ორ დღეში რომ მთავრდებოდა. ახლა რასაც ვხედავთ, სულ სხვა რამაა.
საფრთხე იმისა, რომ საქმე სერიოზულ დაპირსპირებამდე მივიდეს, საკმაოდ მაღალია.
საერთოდ, ასეთი დონის უკმაყოფილების ჩახშობის მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, რომელსაც სტალინი იყენებდა. ან როცა გამსახურდიას მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ იოსელიანმა და კიტოვანმა ტყიები ესროლეს. სხვანაირად ამგვარი პროცესი არ ჩერდება.
თუ ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში იმ კურს გააგრძელებს, როგორსაც ახლა ატარებს, ეს პროცესი საბოლოოდ, ძალიან ძლიერ აფეთქებამდე მივა. ან ისეთი ტიპის დაპირისპირებამდე, რომ საგარეო საფრთხეების მიმართ ისედაც დაუცველ და მოწყვლად ქვეყანას კიდევ უფრო მოწყვლადსა და დაუცველს გახდის.




