როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება

სექტემბერში თბილისი იქცევა ადგილად, სადაც ქართველ ბავშვებს საშუალება ექნებათ, თავი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის — „A.C. Milan-ის“ — ნაწილად იგრძნონ. ცნობილი იტალიური გრანდი ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩაატარებს მასშტაბურ საფეხბურთო ბანაკს, რომელიც, 8 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე სპორტულ კომპლექსში გაიმართება. ინიციატივა, სახელად — „Milan Junior Camp“, ადგილობრივ მოზარდებს სთავაზობს დაუვიწყარ კვირას, რომელიც არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილების მიღების საშუალებად, არამედ მოტივაციისა და ახალი მიზნების საწყისად შეიძლება იქცეს.
ბანაკის ფარგლებში, იტალიელი მწვრთნელები ერთი კვირის განმავლობაში ადგილობრივ ბავშვებთან იმუშავებენ. გარდა ბავშვებისა, ისინი გამოცდილებას ქართველ მწვრთნელებსაც გაუზიარებენ და „A.C. Milan-ის“ მეთოდოლოგიას ქართულ საფეხბურთო სივრცეში დანერგავენ.
„Milan Junior Camp-ში“ მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს. პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს როგორც პატარა ფეხბურთელებს, ასევე მათ მშობლებს — მისცენ საკუთარ შვილებს შანსი, მოირგონ „A.C. Milan-ის“ მაისური, ისწავლონ ფეხბურთი უმაღლესი სტანდარტებით, ჩაერთონ გუნდურ, დისციპლინირებულ და მხიარულ პროცესში. კლუბის ავტორობით შედგენილი პროგრამა მხოლოდ ტექნიკურ მომზადებას არ მოიცავს — აქ ყურადღება ექცევა გუნდურ მუშაობას, პიროვნულ ზრდასა და გართობას. მთავარი კი ის არის, რომ მთელი პროცესი უსაფრთხო და მამოტივირებელ გარემოში წარიმართება.
იხილეთ რეგისტრაციის ბმული.
„A.C. Milan-ის“ წარმომადგენლების თქმით, საქართველოში პროექტის დაწყება კლუბისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ნაბიჯია. როგორც „A.C. Milan-ის“ ბრენდის ელჩი, ლეგენდარული დანიელე მასარო აღნიშნავს, მსგავსი ინიციატივები მხოლოდ ფეხბურთის სწავლებაზე არ არის ორიენტირებული — ისინი ახალგაზრდა მოთამაშეების როგორც სპორტულ, ისე პიროვნულ განვითარებაზე ზრუნავენ. ეს არის სივრცე, სადაც იტალიური კლუბი საკუთარ ღირებულებებს ახალ თაობას უზიარებს.
საქართველოში პროექტის ორგანიზატორია Sports Corporation LLC, რომლის დამფუძნებლებიც გიორგი ფოფხაძე, ლორენცო ჩიპრიანი, გურამ კაჭახიძე და მალხაზ მუსერიძე არიან. Milan Junior Camp-ის თბილისში ჩატარება მათთვის დიდი პატივია. როგორც თავად აღნიშნავენ, პროგრამა ელიტარულ საფეხბურთო ტრენინგს და დაუვიწყარ გამოცდილებას აერთიანებს. ბანაკის მონაწილეებს ელით ყოველდღიური ვარჯიშები მილანის ოფიციალური მეთოდოლოგიით; ურთიერთობა საერთაშორისო დონის სპეციალისტებთან და ის ემოციები, რასაც მოზარდს მხოლოდ ფეხბურთი ჩუქნის.
გიორგი ფოფხაძის განმარტებით, პროექტზე მუშაობა წლებია, მიმდინარეობს, კლუბთან ხელშეკრულება კი, ორი თვის წინ ოფიციალურად გაფორმდა. მისი შეფასებით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
„„Milan Junior Camp“ მხოლოდ პირველი ნაბიჯია მომავალში გაცილებით მასშტაბური პროცესისკენ. ვგეგმავთ „A.C.Milan-ის“ აკადემიის გახსნას საქართველოში. ეს ბანაკი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ბევრ ბავშვს კარიერაში ახალ გზას გაუხსნის. ამ ბანაკში მონაწილეობის მიღებაც კი, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, თავისთავად, უკვე წარმატებაა,“— აცხადებს გიორგი ფოფხაძე.
აღსანიშნავია, რომ „A.C. Milan-ის“ მხრიდან ინტერესი საქართველოს მიმართ გასულ წელს დაიწყო, როცა თბილისში „A.C. Milan-ის“ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართა. ახალი ბანაკი ამ კავშირის კიდევ უფრო გაღრმავების სიმბოლოა. ეს არ გახლავთ ერთჯერადი ღონისძიება — ეს არის იმ გეგმის დასაწყისი, რომლის მიზანიც ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება, სპორტული განათლებისა და სპორტული კულტურის გაღრმავებაა.
„Milan Junior Camp“ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე ხორციელდება და ათასობით ბავშვს დაუვიწყარ გამოცდილებას აძლევს. ახლა ამის შესაძლებლობა საქართველოსაც აქვს — მშობლები, რომელთაც სურთ, შვილებს ეს საფეხბურთო საჩუქარი გაუკეთონ, პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
იხილეთ რეგისტრაციის ბმული.
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა – ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრის” ახალი მწვრთნელი ჰყავს