როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა – იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის ტესტ-მატჩებში, ძირითადად, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერლი სწორად რეაგირებს იმ სირთულეებზე, რაც ეროვნულ გუნდს ბოლო პერიოდში ჰქონდა. მაგალითად, უკეთ გამოვიყურებოდით აუტში, მოლსა თუ რაქში. ახალი მწვრთნელი
ცდილობს, გუნდი უფრო თანამედროვედ და სწრაფად ათამაშოს, დასაწყისი მართლაც მშვენიერია. ახლა მორიგი გამოწვევა ნოემბრის ტესტ-მატჩებია, სადაც მოწინააღმდეგეები ძლიერები არიან – “ოლ ბლექსი” XV, იტალია და ტონგა.
მთავარი მწვრთნელი ამბობს: “ზაფხულში რამდენიმე ფენომენალური ლელო გავიტანეთ, განსაკუთრებით იაპონიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ. ჩვენ მოგვწონს ასეთი ლაღი
და სანახაობრივი თამაში. აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე მორაგბეები არიან. ისინი ისეთ მომენტებს ქმიან, რასაც სხვა მოთამაშეები ვერ ახერხებენ. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მთლიანობაში გუნდის განვითარება, თუმცა ამავდროულად ვეცადოთ, რომ თამაშები მოვიგოთ.”
მამუკა გორგოძე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ

“ბორჯღალოსნები” მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-12 ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ახალზელანდიურ “ოლ ბლექსი” XV-თან შედეგი კლასიფიკაციაში არ აისახება.
საქართველოს ნაკრების მთავარი საკადრო პრობლემა კაპიტან მერაბ შარიქაძეს უკავშირდება. იმედია, გაუგებრობა მალე ამოიწურება და ის მინდორს დაუბრუნდება. ახლა ტრავმის გამო არც ახლანდელი კაპიტანი, ბექა გორგაძე იქნება. ასევე, აღსანიშნავია, ბექა გიგაშვილის, გიორგი მელიქიძის, გურამ პაპიძისა და მიხეილ ალანიას ტრავმები.
10 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში თამაში “ოლ ბლექსი” XV-თან გველის, 17 ნოემბერს გენუაში იტალიას გავეჯიბრებით, 24 ნოემბერს კი თბილისში ტონგას ვუმასპინძლებთ.
ახალ ზელანდიას ეროვნული გუნდის დონეზე, მსოფლიო თასზე დავუპირისპირდით. აღსანიშნავია, რომ მარცხის მიუხედავად, მამუკა გორგოძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
იტალიელებთან ორი წლის წინანდელი ტესტ-მატჩი განსაკუთრებით გვახსოვს. ბათუმური დაპირისპირება დავით ნინიაშვილის ნამდვილ ბენეფისად იქცა, რამაც საშუალება მოგვცა, პრინციპული მეტოქე დაგვემარცხებინა. ისინი ახლა რევანშზე ფიქრობენ.
ნინიაშვილმა იტალიასთან “იფრინა”

ნოემბრის ტესტებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი, რა თქმა უნდა, თბილისში, ტონგასთან გვექნება. ესაა ნაკრები, რომელსაც პირველი რანგის გუნდებთან დაპირისპირების შანსი ხშირად ჰქონდა და წარმატებისთვისაც მიუღწევია. ტონგელებთან მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებების გამოცდილება გვაქვს, მათ შორის, მსოფლიო თასზეც.
ნოემბრის ტესტების განრიგი
10.11. 17:00 სთ (თბილისის დრო). მონპელიე. “ოლ ბლექსი” XV – საქართველო;

17.11. 18:40 სთ. გენუა. იტალია – საქართველო;
24.11. 18:00 სთ. თბილისი. საქართველო – ტონგა.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15 კეპი), გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6); ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20 ქულა), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი); ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 8, 5); ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 19, 5), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6), ბექა შვანგირაძე (ლიონი, 3);
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 35), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5); თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145); გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), გიორგი შველიძე (ბრივი); სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი); დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32, 68), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 1).