ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მომავალი წინსვლისთვის ევროკომისიამ ქვეყანას ახალი რეკომენდაციები მისცა. 9 პირობა ითვალისწინებდა ახალ და კვლავ შესასრულებელ ძველ მოთხოვნებს, რათა საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი დაწყებულიყო.
არაერთ ნაცნობ პრობლემასთან ერთად სიაში ერთ-ერთი ახალი მოთხოვნა ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა იყო. ეს რეკომენდაცია ევროკომისიამ ქართულ ოცნებას 2023 წლის ნოემბერში მისცა.
თავისთავად საინტერესოა, რატომ ჩათვალა კომისიამ საჭიროდ, რომ რეკომენდაციებში ახალი პირობა დაემატებინა და ხელისუფლებისთვის პირდაპირ დაევალებინა, ებრძოლა ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან.
თუ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების წინა პერიოდს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხშირ შემთხვევაში თავად ქართული ოცნება იყო ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი: იქნებოდა ეს კონსპირაციები გლობალური ომის პარტიის, საქართველოს ომში ჩათრევისა და მეორე ფრონტის გახსნის, ევროპაში ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თუ სხვა.
ქართულმა ოცნებამ პირველად სწორედ 2023 წლის გაზაფხულზე სცადა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის მიღებაც, ამ გზით კი დასავლური დონორებისა და ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ს ელჩებს შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება.
მდგომარეობა არ შეცვლილა არც დეზინფორმაციასთან ბრძოლის რეკომენდაციის პირდაპირ გაცემის შემდეგაც და 2023 წლიდან დღემდე მდგომარეობა უფრო დამძიმებულია. ეს ასევე აისახა 12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 2024 წლის გაზაფხულზე მომზადებულ შუალედურ ანგარიშშიც, რომელმაც შეაფასა, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად. დასკვნის თანახმად, რომლის წარდგენაშიც მონაწილეობას ევროკავშირის წარმომადგენლობაც იღებდა, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პირობა სრულად შესასრულებელია.
რას გულისხმობს ევროკავშირის რეკომენდაცია
2023 წლის ნოემბერში გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ პირველად დოკუმენტში საქართველოს შესახებ პირდაპირ იყო ნახსენები, რომ ქვეყანაში დეზინფორმაციის კუთხით უდიდესი გამოწვევა სწორედ ის პროპაგანდაა, რომლის მიხედვითაც დასავლეთი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს. ევროკომისია ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებდა, რომ ამ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გააქტიურებულიყო.
თუმცა, საქმე ისაა, რომ დიდწილად ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი თავად ხელისუფლების ლიდერები იყვნენ და არიან. იქნებოდა ეს მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი კობახიძე თუ პარტიის სხვა არაერთი წევრი: მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი და ასე შემდეგ.
ტაბულა დეზინფორმაციის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მკვლევარსა და დეზინფორმაციის მიმართულებით FactCheck-ის ანალიტიკოსს, იაკობ ლაჩაშვილს ესაუბრა.
“რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, მიემართებოდა ხელისუფლებას, ზოგადად ყველა რეკომენდაციის შესრულება ხელისუფლებას მიემართება… ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ნარატივშიც არის მეორე ფრონტისა და ე.წ. გლობალურ ომის პარტიასთან დაკავშირებული რიტორიკა”. – ამბობს ლაჩაშვილი
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკომისია რეკომენდაციაში მათ შორის გულისხმობდა მოწოდებას მთავრობის მიმართ, რომ შეეწყვიტათ საკუთარი ანტიევროპული პროპაგანდა.
პუნქტი ევროკავშირის ძირითადი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან ერთად ასევე მოიცავს გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლას.
მისი სრულად შესრულების შემთხვევაში უნდა მიღწეულიყო ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების შეწყვეტა, რელიგიური და ტრადიციული სენტიმენტებით დასავლეთის დისკრედიტაციის შეჩერება, დასავლური ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების დისკრედიტაციის შეწყვეტა, ხელისუფლების ქმედებების გამჭვირვალობა, 2024 წლის არჩევნებისთვის რუსულ გავლენებთან და ადგილობრივ მანიპულაციებთან ბრძოლა და ასე შემდეგ.
თუმცა, ამგვარი ნაბიჯები არათუ არ გადაიდგა, არამედ მათი საწინააღმდეგო ქმედებების მთავარი შემოქმედი თავად ხელისუფლება იყო.
რა (არ) გააკეთა ხელისუფლებამ პირობის შესასრულებლად
რეკომენდაციის გაცემიდან რამდენიმე კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც მოიცავდა პირობების შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალს ცხრავე ნაწილისთვის.
დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის შესასრულებელ აქტივობად ქართულმა ოცნებამ საკმარისად ჩათვალა: “მთავრობის კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით”.
მალევე დამტკიცდა 2024-2027 წლებისთვის მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს, ხელისუფლების მტკიცებით, სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად შეტანილია საზოგადოებაში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ მხარდაჭერის განმტკიცება, რომლის ფარგლებშიც მთავრობა წერს:
“ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრების უპირატესობის, სარგებლისა და შესაძლებლობების შესახებ ქვეყნის მოსახლეობის რეგულარულ ინფორმირებასა და ინფორმაციაზე მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ზრდის 10 მიმართულებით. ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის დადებით ასპექტებთან ერთად თანმდევი პასუხისმგებლობის გაცნობიერება შესაძლებელს გახდის ქვეყნის მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეის ირგვლივ კონსოლიდირებასა და მხარდაჭერის მდგრადობას”.
GRASS-ის მკვლევრის, იაკობ ლაჩაშვილის შეფასებით, ამ სტრატეგიის მიღების პროცესი არ იყო გამჭვირვალე და ინკლუზიური, რადგან ყველა დაინტერესებულ მხარეს არ მიეცა საშუალება, ჩართულიყო მიღების პროცესში.
“არ იყო ჩართული სამოქალაქო საზოგადოება. დოკუმენტიც ძალიან მშრალია და არ არის სიღრმისეული – მაგალითად, არ არის განხილული საინფორმაციო ჩარევების და პროპაგანდისტული კამპანიების საფრთხეები დეტალურად. ასევე არ არის ასახული არანაირი სტრატეგია”. – ამბობს ლაჩაშვილი.
მისივე თქმით, მთავრობის დაქვემდებარებაში მომუშავე საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ კვლავ ატარებს საინფორმაციო კამპანიას ევროინტეგრაციის შესახებ, რაც, შესაძლოა, დადებით ნაბიჯად შეფასდეს, თუმცა “ეს რაიმე უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი არ არის. ამოგლეჯილი საქმიანობაა და ამიტომ, დიდ მიზანს ვერ მიაღწევს”.
ამასთან, მთავრობამ დააანონსა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის შეიქმნებოდა “უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი”. დოკუმენტის ამოცანების ძირითადი ნაწილი ასევე ეთმობა “მთავრობის იმიჯის მართვის” სტრატეგიას და ამ დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ ქართული ოცნება ამბობს, რომ რეკომენდაცია შესრულებულია.
სინამდვილეში, ხელისუფლების ლიდერები დღემდე ამტკიცებენ, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, რომელმაც “შვეიცარიის ბანკის გაკოტრებით ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი სცადა” და ასე შემდეგ. პრემიერმინისტრმა კობახიძემ პირდაპირ არაერთხელ თქვა, რომ ევროკავშირზე ე.წ. გლობალური ომის პარტიას “თვისებრივი გავლენა აქვს” და დასავლეთი საქართველოს შანტაჟს აგრძელებს.
წელსვე, მაშინ, როცა ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ქართულმა ოცნებამ მეორე მცდელობის შემდეგ საბოლოოდ მიიღო რუსული კანონი უცხოური გავლენების შესახებ. ამით ოპონენტები, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია უცხოური ძალების აგენტებად გამოაცხადა.
ქართული ოცნება დეზინფორმაციას აქტიურად იყენებდა კანონის მიღების წინა პერიოდსა და მასშტაბური აქციების დროსაც. ხელისუფლება რუსული სტილის აგენტების კანონს აიგივებდა ამერიკულ FARA-სთან, ამტკიცებდა, რომ იგივე კანონები მიღებული ან ინიცირებულია ევროპის არაერთ ქვეყანაში და თავად ევროკომისიის მიერ.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონის მიღების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია დეზინფორმაციის მიმართულებით და გაძლიერდა პროპაგანდისტული კამპანიები.
“რა თქმა უნდა, მთავარი როლი მმართველ პარტიას და ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. ეს ხელს უშლის რეკომენდაციის შესრულებას. ის ორი ნაბიჯიც, რომელიც გადადგმულად დავასახელეთ, აბსოლუტურად არ არის საკმარისი პირობის შესასრულებლად, თუმცა, სიტუაცია უფრო გაუარესდა და აგენტების კანონის მიღებამაც ხელი შეუშალა – სამოქალაქო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების და მათ შორის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციამ მოიმატა”. – ამბობს იაკობ ლაჩაშვილი.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართული ოცნების იმ წევრებისა და ლიდერების ჩამონათვალი, რომელიც რაიმე სახით “უცხოურ ძალასთან” და მათი “ინტერესების გამტარებელთან” მუშაობდა ან ფინანსდებოდა, საკმაოდ გრძელია. მათ შორის არიან თავად პრემიერმინისტრი, მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და ასე შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელისუფლებისთვის უცხო არ არის დასავლური ორგანიზაციების მუშაობის სტილი და მათ წინააღმდეგ პროპაგანდა გამიზნული დეზინფორმაციაა.
პარალელურად, ბოლო ათწლეულში ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ LGBT+ თემზე არაერთხელ წახალისებული ძალადობის და მოძალადეთა მუდმივი დაუსჯელობის შემდეგ მთავრობამ წელს სექსუალური უმცირესობების რეპრესიული მექანიზმის კონსტიტუციაში შეტანაც მოისურვა. ინიციატივა კი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” მცდელობად მოიხსენიეს და შესაბამისად, დეზინფორმაციით გაამართლეს.
ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოური, მათ შორის რუსული ჩარევისა და საინფორმაციო მანიპულაციების წინააღმდეგ. პირიქით, ხელისუფლების დეზინფორმაციას ხშირად იმეორებენ ან ეთანხმებიან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ან პროპაგანდისტები. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იმასაც ამტკიცებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე აშშ საქართველოს მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამ დეზინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ ემიჯნებიან, არამედ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებას აგრძელებენ.
დეზინფორმაციის გამიზნულად გავრცელება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რეჟიმის ათობით წარმომადგენლისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების დროს ახსენა. ამავე კონტექსტში კი სახ.დეპმა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან წამოსულ პირდაპირ დავალებებს გაუსვა ხაზი.
ყველაფერი საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ ევროკავშირის ელჩის თქმით, ამჟამად საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არათუ არ შეუსრულებია პირობები, არამედ მათ წინააღმდეგაც კი წავიდა.
ქართულმა ოცნებამ ესეც მორიგი დეზინფორმაციის საფუძვლად გამოიყენა. საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ელჩის მიერ გაჟღერებული პოზიცია “მიკროგადაწყვეტილებაა”, ხოლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მას კვლავ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის იყენებენ.
ალტერნატივა
სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, საქართველოსთვის თითოეული რეკომენდაციის შესასრულებლად და ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის მთავარი პრობლემა პოლიტიკური ნების არსებობაა.
GRASS-ის წარმომადგენლის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე შეიმუშავეს ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების შესახებ დოკუმენტი, თუმცა ხელისუფლება მათთან არ თანამშრომლობს.
ლაჩაშვილის თქმით, საჭიროა, რომ, მაგალითად, სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების მუშაობა უფრო აქტიური გახდეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, კერძო სექტორთან უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ.
“უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ და სწორად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა. ეს გულისხმობს დეზინფორმაციის გამოაშკარავებას, წინასწარ ინფორმაციის გავრცელებას, რომ საზოგადოება შეცდომაში აღარ შევიდეს შემდგომ გავრცელებული ტყუილებით”. – ამბობს ლაჩაშვილი ტაბულასთან საუბარში.
მისი თქმით, ასევე შესაძლებელია საკანონმდებლო დონეზე განახლდეს 2019 წელს სამოქალაქო სექტორის ჩართულობით მომზადებული დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერებაზე ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ, თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემა პოლიტიკური ნების არარსებობაა.
“მაგალითად, ევროკავშირში არსებობს კოდექსი დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და ასევე ევროკავშირს აქვს ციფრული სერვისების და ბაზრის აქტები (DSA/DMA), რომლებიც გარკვეულწილად არეგულირებს დიდი სოციალური მედია პლატფორმების ქცევას დეზინფორმაციასთან მიმართებით. ამ მხრივ შესაძლებელია, რომ საქართველოს პარლამენტს ემუშავა, მსგავსის გავრცელება ხომ არ შეიძლებოდა საქართველოზე ან მსგავსი ნაბიჯების გადადგმა”. – ამბობს GRASS-ის მკვლევარი.
ევროკომისიის რეკომენდაციის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი სწორედ გარე ჩარევებთან ბრძოლაა, განსაკუთრებით კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.
“როცა ხელისუფლება არ მუშაობს ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება აქამდეც ვმუშაობდით და დიდი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან არასდროს გვქონია. შეიძლება ითქვას, აქამდე ნაკლებად გვიშლიდნენ ხელს და ახლა აგენტების კანონის გზით უფრო დიდი წნეხის ქვეშ გვიწევს მუშაობა”. – ამბობს ლაჩაშვილი.
მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება მუშაობას აგრძელებს და ხელისუფლების ჩართულობის დანაკლისის შევსებას კვლავ ცდილობს სხვადასხვა მულტიმედია თუ საგანმანათლებლო კამპანიით.