“მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებლის დავით ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ინვესტორების განწყობაზე მკვეთრ ნეგატიურ გავლენას ახდენს. მისი შეფასებით, დაცულობისა და სამართლიანობის შეგრძნების გარეშე, სამომავლოდ ინვესტორები ქვეყანაში პროექტების დაწყებისგან თავს შეიკავებენ.
„დღევანდელ სიტუაციაში ძალიან რთულია მომავლის გეგმებზე საუბარი, როდესაც უსამართლობის გრძნობაა ყველა მხრიდან. ინერციით ვაკეთებთ იმას რაც დაწყებული გვქონდა. იცით რომ ვაკეთებთ შატო ვარციხეში მულტიფუნქციურ სადღესასწაულო ცენტრს, ასევე საგურამოში ვაგრძელებთ დეველოპერულ პროექტს, სადაც ტურისტული სოფელი შენდება 120 სახლით და თავისი ინფრასტრუქტურით.
სადაც კაპიტალი მოზიდული იყო და ხალხი ჩართულია, სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ, თუმცა მთავარია შემდეგში რას გავაკეთებთ. ბიზნესმენების განწყობაა მნიშვნელოვანი. განწყობა დამოკიდებულია გარემო სივრცეზე. როცა არ ვიცით მომავალი როგორი იქნება, საით მივდივართ, შენ ამ დროს ახალი გეგმები დასახო, რთულია.
2 400-მა ბიზნესმა გამოხატა აზრი და ისინიც ალბათ იმავეს განიცდიან, რასაც მე. სამართლიანობის და დაცულობის შეგრძნება უმნიშვნელოვანესია. როცა არაფრის გამო ნებისმიერი ადამიანის დაკავება და მათთვის წლების მისჯა შეუძლიათ, ასეთ ვითარებაში წარმოიდგინეთ ბიზნესმენი, რომელსაც რაღაც არ მოსწონს და ამას ლაპარაკობს, პროკურორს შეუძლია ამის გამო საქმე შეუკეროს.
ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ სასამართლო არის თავისუფალი და აღმოჩნდა, რომ არანაირი თავისუფლების ხარისხი მას არ აქვს. ბიზნესმენის უკან გაცილებით მეტი ადამიანი დგას, მეტი პასუხისმგებლობაა და საკმაოდ რთულია ამის მერე განვითარებაზე ვიფიქროთ, რადგან დაკარგულია თავისუფლება. ამის დაბრუნებაა ახლა მთავარი და შემდეგ ვისაუბროთ ახალ გეგმებზე.“ – განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას დავით ცერცვაძემ.