როსტომ ჩხეიძე: ძალზე ნაადრევი მგონია კახი კალაძის ხნის ადამიანისაგან, ქალებს რომ ვეღარ აღიქვამს და რაღაც ჯიშის არსებებად მოიხსენიებს

მწერალი როსტომ ჩხეიძე:
თქვენდამი ლოცვად
(9 სექტემბრის ქრონიკა)
ძალზე ნაადრევი მგონია კახი კალაძის ხნის ადამიანისაგან, ქალებს რომ ვეღარ აღიქვამს და რაღაც ჯიშის არსებებად მოიხსენიებს.
როდესაც თემურ შაშიაშვილი იტყოდა:
სამი დღე აღარ მინდოდა ქალისაკენ გახედვაო, –
ედუარდ შევარდნაძე თან შეწუხდებოდა და თან დამშვიდდებოდა:
კიდევ კარგი, მხოლოდ 3 დღითო!..
არადა პროტესტანტთა შორის დგანან ულამაზესი ქალებიც, თორემ ლამაზი ყველაც არის.
უჭკვიანესი ქალებიც, თორემ ჭკვიანი ყველაც არის.
უკეთილშობილესი ქალებიც, თორემ კეთილშობილი ყველაც არის.
ქალებს ადვილად ნურც შევბედავთ და ნურც შევედრებით.
ვარლამ შალამოვი, რომელსაც 17 წელიწადს მოუწევდა გულაგის ჯოჯოხეთის გამოვლა, გაიხსენებდა, რომ:
ერთი დღეც არ ყოფილა კაცების ბანაკში, რომ არ ჩამოსულიყვნენ დედები, დები, ცოლები, შეყვარებულები.
და ერთი შემთხვევა რა არის, ერთი, ერთადერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ ქალთა ბანაკში ვინმესთვის ჩამოეკითხოს მამას, ძმას, ქმარსა თუ შეყვარებულს.
საპროტესტოდ შემართულან ხნიერი ქალებიც, რომლებიც გზას უკაფავენ ახალგაზრდებს უკეთესი საქართველოსაკენ.
და შემართულან გოგოებიც, რომელთა მხრებზეც უნდა შედგეს ის უკეთესი საქართველო.
და როცა შევყურებ მათ გატანჯულ და მაინც იმედითა და
რწმენით აღსავსე სახეებს, მათ სულიერ და გარეგნულ სილამაზეს, მინდა ყველას ერთად და ცალ-ცალკე ბარათაშვილურად მივმართო:
მაშა დუმილიც მიმითვალეთ თქვენდამი ლოცვად…

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)