როსტომ ჩხეიძე: პოეტი რომ არა ყოფილიყო გენო კალანდია, უთუოდ მსახიობი იქნებოდა

“განთიადის მე-7-8 ნომერში რუბრიკით “გენო კალანდია – 85” გამოქვეყნდებოდა ჩემი ესეიც “როცა იაშვილის ატარებ ორდენს”, რომელსაც აქ გაეცნობით,”  – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, დეპუტატი როსტომ ჩხეიძე.
——————————————————————
პოეტი რომ არა ყოფილიყო გენო კალანდია, უთუოდ მსახიობი იქნებოდა.
ნიჭიც მოსდევდა შესაფერისი, ჟინიც და სწრაფვაც, მაგრამ ისე მოხდებოდა, რომ:
სცენას უნდა გამოთხოვებოდა.
თუმც… გამოთხოვებოდა და არც გამოთხოვებოდა, რაკიღა ისე ძალუმად იზიდავდა სცენა თავისკენ, ისე ანდამატურად, არ გამოუშვებდა და… ესეც ყოველთვის მარჯვედ მოერგებოდა ხოლმე სცენას, არტისტულ ბუნებას ლექსის თქმაშიც რომ გადმოღვრიდა და საჯარო გამოსვლებშიც.
ყოფაშიც სცენაზე რომ შეიგრძნობდა ხოლმე თავს დროდადრო, და არამარტო სუფრის გაძღოლისას, პირადი საუბრის დროსაც სჩვეოდა განსაკუთრებული ანთება და წამოგზნება, უჩვეულო ამღელვარება, მომხიბლავი თხრობაც რომ სჩვეოდა და აღტაცებაც უშურველად უნდა გამოეხატა.
თუ რაიმე ეხარბებოდა რუსი მწერლებისა:
ერთმანეთთან მიმოსვლა და ახალი ლექსების წაკითხვა რომ დაემკვიდრებინათ ისეთ ტრადიციად, კვლავაც ინარჩუნებდნენ, თუმც გადასულიყო სალონების დრო, შებოჭილიყო და სულაც იატაქვეშ გადაენაცვლებინა, რაკიღა კომუნისტური ხელისუფლება ყოველ ასეთ შეხვედრას პოლიტიკურ აქციად მიუთვლიდათ და შესაფერის ზომებსაც ღებულობდა ანუ დიდი თუ მცირე რეპრესიებისათვის წირავდათ.
რეპრესიებისა განა ქართველ მწერლებს ეშინოდათ, თუნდ უფრო ულმობელიც ყოფილიყო, ვიდრე რუს შემოქმედებზე თავსდატეხილი, მაგრამ გამქრალიყო სალონური ტრადიცია, მისი ანარეკლიც აღარ შენარჩუნებულიყო და აღარ დადიოდნენ ერთმანეთთან ახალი ლექსების, ახალი მინიატურებისა თუ ნოველების, ახალი სტრიქონების გასაცნობად.
გენო კალანდია ლამობდა იმ ტრადიციის გადარჩენას, სალონური სულის შენარჩუნებას და ეს და მხოლოდ ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი, რამდენჯერმე მეც რომ მეწვეოდა „ომეგასა“ თუ „ჩვენი მწერლობის“ რედაქციაში ახალი ლექსის წასაკითხად.
ჯერ გამოსაქვეყნებლად არა:
შესაძლოა კიდევ დასჭირდეს ხელის გაკვრაო.
ხელის გასაკრავი ამას არაფერი სჭირს-მეთქი, – ვეტყოდი და ხელს გავუწევდი ფურცლის გამოსართმევად, მაგრამ იუარებდა:
ჯერ მაინც შენ გქონდეს, ხანი გავიდეს და ახალი თვალით გადავხედავ, თან მირჩევნია ლექსების ნაკრები იყოს.
დეკლამაციისას კი მისთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა:
ერთ კაცს უკითხავდა, ათს, ასს თუ ბევრად მეტსაც, რასაც ის დარბაზი დაიტევდა, აუდიტორიის სიდიდე ოდნავადაც რომ არ აკრთობდა თუ აცბუნებდა, და ყოველთვის მთელი არსებით იხარჯებოდა.
ნამდვილ პოეტებს როგორც სჩვევიათ.
როგორც სჩვევიათ ნამდვილ არტისტებს.
და კიდეც სულს ძლივს ითქვამდა ხოლმე, როდესაც დაასრულებდა, აჰადა, გული ამოუვარდებაო.
ახალი დროის ცისფერყანწელად წარმოედგინა თავი იმ არტისტიზმის გამოისობითაც, ამასობაში მის იმთავითვე რაფინირებულ სტრიქონებს გლოვა რომ უნდა შემორეოდა სოხუმსა და ს მხარეზე, მერედამერე კი უფლისკენ სავალი გზაც უნდა გადახსნოდა და ჩვენი დროის ჰიმნოგრაფად და მეფსალმუნედაც წარმომდგარიყო, შიგნიდან რომ განიცდიდა ამ ყოველივეს და თავისდამოულოდნელადაც იპოვნიდა იმ ახალ გზებს, ასერიგად რომ გაამრავალფეროვნებდა მის შემოქმედებით ძიებებსაც და არტისტულ სავალსაც, ყველა ნაკადს შესაფერის ინტონაციას რომ შეუხამებდა.
მადლიერების ისე უშურველად გამოხატვა შეეძლო, ჩვენს დროში რომ დაკარგულა, ოღონდ მადლიერება პირადულთან ერთად საქვეყნოს გადაჯაჭვოდა. და როდესაც მოწონებით გამოვეხმაურებოდი ლანა კალანდიას პირველ ნაბიჯებს როგორც სამეცნიერო, ისე მთარგმნელობით სარბიელზე, უპირველესად ახარებდა ის, რომ:
საიმედო ლიტერატორი ემატებოდა ქართულ მწერლობას, ლიტერატორი, რომელსაც მოსალოდნელი გახლდათ – და ასეც მოხდებოდა – მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.
ბავშვივით ხარობდა მაშინაც, როდესაც ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავყრილობებზე გამოიკვეთებოდა ის რამდენიმე კრიტიკოსი და მკვლევარი – ნინო ვახანია, სალომე კაპანაძე, ნანა კუცია, მარინე ტურავა და თამარ ყალიჩავა, რომელთაც ქართული კრიტიკის სოხუმურ ფრთად მოვიხსენიებდით და კიდეც სახიერად უნდა წარმოჩენილიყო ამ ფრთის მოღვაწეობა.
ერთ-ერთი თავყრილობა ჩვენი საზოგადოებისა ძმებ კალანდიებს მიეძღვნებოდა – გენოსთან ერთად რენესა და ზაურს – და ეს ორიგინალური ჩანაფიქრიც მოხიბლავდა, კიდევ სულ სხვაგვარი შემართებით რომ გამოამჟღავნებდა თავის არტისტულ ბუნებას, ისევე როგორც ტელეკომპანია „იბერიას“ სამ გადაცემაში:
ერთი მისი ლექსების დეკლამაციას რომ დაეთმობოდა „ომეგას“ სალონის“ ციკლში.
მეორე მასთან დიალოგს „სილუეტის“ სერიაში.
მესამე კი მასთან შეხვედრას „ბენეფისის“ ციკლში.
დროის კვალობაზე სულ უფროდაუფრო დავახლოვდებოდით და… ვიდრე ის საბედისწერო ოპერაცია გაუკეთდებოდა, ჩემთანაც შემოივლიდა…
არ ვიცი, გული უგრძნობდა თუ არა რაიმეს, შეტყობით კი არაფერი შეეტყობოდა, ჩვეული სიხალისით, ჩვეული სიცილითა და მხიარულებით, ჩვეული სევდიანი თვალთამზერით გამომემშვიდობებოდა…
ესეც ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა, შინაგანად დარდიანი, იქნებ განგაშითაც სავსე, მაგრამ გარეგნულად კი ლაღი და არტისტული, თან რომ იჯერებდა და თან ვერც იჯერებდა, სცენას მალე რომ უნდა გამოთხოვებოდა და მიახლოებოდა იმ პაოლო იაშვილს, ვისი ორდენის წევრობაც ასერიგად ეამაყებოდა:
როგორც პოეტს
და
როგორც არტისტს.