მწერალი როსტომ ჩხეიძე:
ბარათები პიერ პაოლო პაზოლინისთან
– მკვდართა საუფლოში
(ნუნუ გელაძე მეგზურად დაჩა მარაინის
ეპისტოლური რომანისა)
1968 წელს ქალაქ ძაფერალა ეტნიაში იმყოფებოდნენ დაჩა მარაინი და პიერ პაოლო პაზოლინი, როგორც „ძაფერანას პრემიის“ ჟიურის წევრები, წლის ერთ-ერთი პრემირებული რომ უნდა გამხდარიყო ეზრა პაუნდი, მაგრამ ფაშიზმის მომხრეობისათვის შერცხვენილი; თავისდასაუბედუროდ რასიზმის თეორიისათვის დითირამბები რომ ემღერა, მერე მოენანიებინა და თავი თვითონვე დაესაჯა უბრად ყოფნით.
ეს ნაკლებცნობილი ეპიზოდია, თუ მთლად უცნობი არა, და მხოლოდ დაჩა მარაინის წყალობით შემონახული:
წარუშლელად რომ ჩაებეჭდებოდა ხსოვნაში მდუმარე პოეტის სახება, –
და თუ რაიმეს გამოხატვას მოინდომებდა, ცოლისაკენ – თუ მეგობარი ქალისაკენ – უნდა მიბრუნებულიყო და მასაც თავაზიანად გადმოეცა გარშემომყოფთათვის ის, რისი თქმაც პოეტს სურდა.
მემუარისტის შეტყობით:
საოცარი ურთიერთგაგება სუფევდა მათ შორის, და როლების ამ განაწილებაში კი არსებობდა რაღაც დადგმული, თეატრალური.
დააჯილდოებდნენ მისი ლექსებისათვის და იმ გარემოების გათვალისწინებით:
ეზრა პაუნდის ფაშისტურ შეშლილ პერიოდს მის ბრწყინვალე პოეზიასთან რომ არაფერი აკავშირებდა.
პრემიის მისაღებად რომ ჩამოვიდოდა იტალიაში ამერიკიდან, არაფერს იტყოდა, მადლობასაც კი, და მის მაგივრად საოცრად თბილად და დახვეწილად მის თანმხლებ ქალბატონს უნდა ესაუბრა.
გარეგნულად როგორ დაახასიათებდა და:
ტანმორჩილ, ხმელ კაცად, თავაზიანად, სერიოზულად, მოციმციმეთვალებიანად, რომელთაც თბილად მხოლოდ მაშინ უნდა გამოეხედათ, როდესაც გვერდით მდგომ ქალს უყურებდნენ; აცაბაცა წვერი უნდა ჰქონოდა და თეთრი თმა, რომელიც თითქოს ყველა მხარეს ლამობდა გაფრენას.
დაჩა მარაინის ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, რომ:
ეზრა პაუნდს თვითონაც დაწყდებოდა გული, თუ როგორ იყენებდნენ თანამედროვე ფაშისტები მის სახელს:
ასეთი დიდი კულტურის კაცი მართალია გვიან, მაგრამ მაინც უნდა მიმხვდარიყო, თუ საით მიდიოდა ისტორია.
ეს შეკრება კი უსკანდალოდ არ ჩაივლიდა:
პრემიის გადაცემისას უნდა მოცვენილიყვნენ კატალონიელი ახალგაზრდები და აეტეხათ ხმაური და მონაწილეთა ლანძღვა. ჟიურის მაგიდისათვის სველი ნიახურის ღეროები და ცერეცოს ბოლქვები უნდა დაეშინათ და შხეფები წევრებისათვის სახეებსა და ხელებზე შეესხურებინათ. და ამათგან ვერცერთს ვერ უნდა გაეგო, თუ რას ერჩოდნენ.
თავიდან ეგონებოდათ:
ეზრა პაუნდსა და მის ფაშისტურ წარსულს უსწორებდნენ ანგარიშს, მაგრამ მერე დაინახავდნენ, რომ:
ყველაზე მეტად პიერ პაოლო პაზოლინის უსწორდებოდნენ – როგორც ყოველთვის, „კეთილმოაზროვნეთა“ და იმ 1968 წლის რევოლუციონერ ახალგაზრდათა ბრაზი და რისხვა სწორედ რეჟისორს უნდა გამოეწვია.
საშინლად უსიამოვნო უნდა ყოფილიყო ის წუთები, მერე კი იცინებდნენ.
ეზრა პაუნდი სულაც არ იქნებოდა შეშფოთებული – იდგებოდა გაშეშებული და მდუმარე, გეგონებოდა, მის სულს სხეული დაუტოვებია და დაცლილი დარჩენილაო.
რა უჩვეულო ყოფაა ადამიანისათვის:
შენს სულს თითქოს სხეული რომ დაუტოვებია და…
კვლავინდებურად ფეხზე დგახარ!..
და როგორი მწერლური თვალი უნდა გქონდეს, ეს უჩვეულობა ასე ზუსტად რომ დაინახო და რამდენიმე სიტყვად დაწურო.
გამოხდებოდა ხანი და:
ვერადავერ მიხვდებოდნენ, ის ახალგაზრდები რას აპროტესტებდნენ, და ვარაუდებს თუ გამოთქვამდნენ:
ფაშისტები იყვნენო; არა, მემარცხენე ოპოზიციონერებიო…
სიმართლე კი ვერასოდეს გაირკვეოდა.
ეს მრავალმხრივ დამაფიქვრელი ეპიზოდიც უნდა აღწერილიყო დაჩა მარაინის მხატვრულ-დოკუმენტურ თხზულებაში:
„ძვირფასო, ძვირფასო პიერ პაოლო“, –
რომლის ცალკეული ფრაგმენტებიც – ნუნუ გელაძის თარგმანის წყალობით – უნდა გაგეცნო „პირველი სხივის“ (2025, N 10) ფურცლებიდან.
გამოჩენილ პოეტსა და რეჟისორს მცირერიცხოვანი ადამიანები მიეშვა თავისთან ახლოს, ამ მცირედში რომ აღმოჩნდებოდა დაჩა მარაინიც, გარდა პირადი მეგობრობისა, შემოქმედებითი თანამშრომლობაც რომ დააკავშირებდათ, და პაზოლინის საიდუმლოებითმოცული მკვლელობა თუ ვინმეზე იმოქმედებდა უმძაფრესად და წარუშლელად, დაჩა მარაინიზეც, რომელიც ეპისტოლეებით გაესაუბრებოდა ტრაგიკულად აღსრულებული მეგობრის აჩრდილს, ეს მხატვრული ფორმა რომ უნდა დასდებოდა საფუძვლად მის მემუარისტულ თხზულებას, ასე რელიეფურად, ასეთი დეტალურობითა და სისავსით რომ უნდა წარმოესახა დაუვიწყარი სახება.
იმ საბედისწერო დღეს რიმინიში უნდა ყოფილიყო, ფემინისტების კონგრესზე და გახურებული კამათისას უნდა გამოეძახათ ტელეფონზე და საზარელი ამბავი ეუწყებინათ:
– სასწრაფოდ დაბრუნდი რომში, პიერ პაოლო მოკლეს!..
რომში ჩამოსული ერთ ცრემლსაც ვერ გადმოაგდებდა, და თუმც ატანილი იქნებოდა, შეეტყო მკვლელობის გარემოებანი, კრინტის დაძვრასაც ვერ მოახერხებდა, მხოლოდღა იბორიალებდა სამგლოვიარო დარბაზში გაფაციცებული, ეგებ ვინმემ რამე თქვასო, მაგრამ ამაოდ.
გასვენებისას ზღვა ხალხი მემუარისტისათვის ნათელს გახდიდა, რომ:
მიუხედავად უამრავი ცილისწამებისა და პაზოლინის მკაცრი პოზიციისა, იგი უყვარდათ. და იმ ტრაგიკულ წუთებში მისი მტრებიც, „ჯგუფ 63-ის“ წევრებიც, რომლებიც არაერთხელ დასხმოდნენ თავს, შეშფოთებულნი იქნებოდნენ.
და დაჩა მარაინი დარწმუნებული გახლდათ;
ეს მკვლელობა პოეტისა მათ ვეღარ გაამეორებინებდათ თავიანთ ახირებულ თეორიას პოეზიის სიკვდილის შესახებ, და სინამდვილისა თითქოს მხოლოდ ნამსხვრევების, ნამცეცების მოყოლა თუ შეიძლებოდა, და ყოველივე იმის უარყოფა, რაც უკვე გააზრებულ-განმარტებულიყო.
და უნდა დაფიქრებულიყო:
ახლა თუ მაინც გაუჩნდებოდათ ეჭვი, რომ პოეტი შესაძლოა ყოფილიყო საჯარო ხმა, ხმა, რომელსაც შეეძლო გადმოეცა პირადი და ეპოქის სოციალური ტკივილები და საბოლოოდ თავისი სიტყვებით ზიანი მიეყენებინა ხელისუფლებისათვის, რის შედეგადაც გადაქცეულიყო საზოგადოებრივ საფრთხედ, რომელიც უნდა დაედუმებინათ.
იყო დრო, როდესაც რომანის ეპისტოლური ფორმა პოპულარულიც გახდებოდა და მოდურიც, XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნა ამ აღნაგობის რომანებით რომ გადაივსებოდა, თუმც ყავლიც გაუვიდოდა და ძველმოდურადღა გამოჩნდებოდა.
თუმც ეს ძველმოდურობა უნდა გადაფარულიყო ცალკეული ეპიკური ნიმუშებით, ეპისტოლურ ფორმას რომ დაისაჭიროებდნენ მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ ხანაშიც, და აგერ დაჩა მარაინის მხატვრულ-დოკუმენტურ თხზულებასაც ძალიან მოუხდებოდა ეს ფორმა – ინტიმის გასაძლიერებლადაც და აჩრდილთან ურთიერთობისათვის მარჯვე აღნაგობადაც.
სიზმართა წყებაც შესაფერისი რომ გახდებოდა თხრობისათვის, რომელიც იტრიალებდა ცხადისა და ზმანებათა ზღვარზე.
სიზმარშიც პიერ პაოლო პაზოლინის ჩვეული ღიმილი რომ უნდა გადაჰფენოდა. ამასთან თვინიერიც და შეკითხვების გამომხატველიც, მემუარისტისათვის ძალიან ახლობელი და საყვარელი, და უცნაურობად მიითვლიდა, ასე ხელშესახებად რომ ცნაურდებოდა მზერაში მეგობრობა, და რამდენ რაიმეს შეიცავდა ის ორი გუგა – დროის ჩასაყლაპად მოზიდული. და ამ ფონზე უკვე ბუნებრივად ეჩვენებოდა ის განცდა:
ახლა მართლაც მხოლოდ ჩუმი თვალების სიღრმეში ხარ ცოცხალი და მოძრაობ იმ საოცარ სივრცეში, რომელიც დახუჭულ თვალებში ეტევაო.
სიცოცხლისას პოეტსა და რეჟისორს მოულოდნელად გაქრობა სჩვეოდა, ჯგუფიდან უნდა გაპარულიყო ხოლმე, განსაკუთრებით ხალხმრავლობისას.
სიტყვაძუნწობა რომ ახასიათებდა?
მაგრამ ამ თვისებას, დუმილისაკენ მიდრეკილებას მემუარისტი გაუცხოების ნიშნად კი არ აღიქვამდა, არამედ კონცენტრირებად იმ შეხედულებებზე, რომელთაც ეს ორნი ურთიერთისადმი თბილი დამოკიდებულებით უნდა გაეერთიანებინა.
(გაგრძელება ჩემს ხვალინდელ პოსტში).
ცნობისათვის:
23 იანვარს, 19:00 საათზე, „ბიბლუსის კაფე”-ში გაიმართება დაჩა მარაინის წიგნის – „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრების” წარდგენა.
სპიკერები – ნუნუ გელაძე და გიორგი ლობჟანიძე
დასწრების მსურველებმა შეავსეთ მოცემული ბმული: https://forms.gle/P3zTJ1qEoyFXhX6K7




