როსტომ ჩხეიძე: არც 9 აპრილი დასრულებულა. ის ერთი დღე გადაჭიმულა დღეების რიგად, დღეების ჯარად და მოელის იმ დიდებული წამის განმეორებასაც და აღსრულებასაც საბედისწერო ჟამიდან თავდასაღწევად

მწერალი როსტომ ჩხეიძე:
წამის ჰეროიკა
(21 აგვისტოს ქრონიკა)
– ადამიანებო, წარღვნა არ დასრულებულა, ის გრძელდება!
შეგვაგონებდა ჰერმან მელვილი რომანში „მობი დიკი“, რათა არ მოვდუნებულიყავით, გული არ დაგვემშვიდებინა და დაგვეარხეინებინა და ადვილად ამოგვეცნო მოახლოებული კატასტროფის ნიშნები.
და… 9 აპრილი თუ დასრულებულა?
ის დიდებული წამი, რომელიც მერაბ კოსტავას უნდა ემცნო პროტესტანტებისათვის, გაქვავებულიყო და ისტორიის კუთვნილებად დარჩენილიყო?
ნეტა ეგრე ყოფილიყო.
მაგრამ ის წამი გაშლილა და ჩვენს დროებასაც გადმოწვდომია.
და თვალნათლივ ამიტომაც ვხედავთ, რომ:
არც 9 აპრილი დასრულებულა.
ის ერთი დღე გადაჭიმულა დღეების რიგად, დღეების ჯარად და მოელის იმ დიდებული წამის განმეორებასაც და აღსრულებასაც საბედისწერო ჟამიდან თავდასაღწევად.
ვერაფერი ჩაკლავდა ჰეროიკულ სულს, რუსთაველის გამზირი კვლავაც ხსნის ასპარეზს რომ გაუიგივდებოდა.
ვერაფერი შეანელებდა თავგანწირვის სულს.
ეს ყოველივე კი უამბოდ რომ არ ჩაივლის, ხალხური სიბრძნეც შეგვაგონებს.
წარღვნა ჯერ არ დასრულებულა, თორემ მისი მოთავებაც შეიძლება განვჭვრიტოთ და გარდუვალი ხილვაც ახალი ცისა და ახალი მიწისა, თავისუფალისა და უღელდაუდგმელის, თავისი ჭეშმარიტი სახით, სულით, სახელმწიფოებრივი მისწრაფებით…

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)