რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებს, იგივე პრაიმერისს, ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესტანტისი გამოეთიშა.
„ჩემთვის ნათელია, რომ რესპუბლიკელთა ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს, დონალდ ტრამპს კიდევ ერთი შანსი მისცეს. [..] მე პირობა დავდე, რომ მხარს დავუჭერ რესპუბლიკელთა კანდიდატს და ვიცავ ამ პირობას. მხარს ვუჭერ დონალდ ტრმაპს, რადგან ვერ დავუბრუნდებით ძველი ფორმაციის რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც შეფუთულია კორპორატივიზმით, რომელსაც ნიკი ჰეილი წარმოადგენს“, – ციტირებს დესანტისის გამოსვლას Associated Press.
დესანტისის გამოთიშვის შემდეგ, რესპუბლიკელთა პრაიმერისს ორი რეალური კანდიდატიღა შერჩა – დონალდ ტრამპი, – რომელიც გამოთიშვამდე დესანტისს მწვავედ აკრიტიკებდა, თუმცა ახლა მადლობა გადაუხადა და „ბრწყინვალე პიროვნება“ უწოდა, – და ნიკი ჰეილი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც სწორედ ტრამპმა დანიშნა.
ჰეილი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ტრამპამდელი და მისი მოწინააღმდეგეთა ფრაქციის წარმომადგენლად მიიჩნევა, ყოფილ პრეზიდენტს გამოკითხვებში ჩამორჩება. ნიუ-ჰემფშირის შტატის არჩევნებში, რომლებიც ერთ თვეში უნდა გაიმართოს, გამოკითხვების თანახმად, ტრამპს ამომრჩეველთა 52% უჭერს, ჰეილის კი — 34%. 8% ჰქონდა დესანტისს, რომელმაც მხარი ტრამპს დაუჭირა. ტრამპი ჰეილის სხვა გამოკითხვებშიც საკმაო სხვაობით უსწრებს.
რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში გამარჯვებული, საბოლოოდ, ზაფხულამდე უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც ის დაუპირსპირდება აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს.
