„რომ მიადგით ის კომპლექსი მთას, მთა მყისიერად ზვავსაშიშია“ – თეა გოდოლაძე ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება

„რომ მიადგით ის კომპლექსი მთას, და ის მთა მყისიერად ზვავსაშიშია, რა უნდა ამის მიხვედრას“, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება და წერს, რომ ტექტონიკურად არამდგრად რეგიონებში მთის უხარისხო ბეტონით გავსება არ შეიძლება.
თეა გოდოლაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ მასალას სრულად გთავაზობთ:
„2 დღის წინ ჩემი ყოფილი სტუდენტი მოვიდა, ხალასი, ნათელი და ძალიან კარგი გოგო დან. თეა, რას ფიქრობთ, ბახმაროს კომპლექსზე და არსებულ გეოლოგიურ დასკვნაზეო.
მოვძებნეთ საპროექტო წინადადება და ჩამოვტვირთეთ გეოლოგიური დასკვნა. გეოლოგიური კვლევის რეპორტი არაა ატვირთული, მხოლოდ საექსპერტო დასკვნაა, სტანდარტული და მშრალი, ისევ საბჭოთა 8 ბალით და სგე-ებით.
ხალხნო, ვიდრე დასკვნებს დაწერთ, ხომ ხვდებით, რომ ამ ეკონომისტებმა და იურისტებმა ფერდის დახრილობა რა არის, არ იციან, მაღალი პრესიპიტაცია რა არის არ იციან. რომ მიადგით ის კომპლექსი მთას, და ის მთა მყისიერად ზვავსაშიშია, რა უნდა ამის მიხვედრას. რა 8 ბალი ხალხო! რაღა დროს 8 ბალია! მოაცილეთ შენობები მდინარის ჭალას. ტექტონიკურად არამდგრად რეგიონებში მთის უხარისხო ბეტონით გავსება არ შეიძლება. ჩადით მთის კურორტებზე. ხის კონსტრუქციებია ძირითადად. ეს საწყალი ბაკურიანი ხომ ამოაბეტონეთ, ახლა ბახმაროს მიადექით“,- წერს თეა გოდოლაძე.