რომ გითხრათ, არ მივესალმები [„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის გამკაცრებას] მოგატყუებთ, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთვის, რომ დარჩეს სამუშაო ადგილები, უკეთესი იქნება – ნიკოლოზ გელენიძე

რომ გითხრათ, არ მივესალმები [„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის გამკაცრებას] მოგატყუებთ, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთვის, რომ დარჩეს სამუშაო ადგილები, უკეთესი იქნება – ნიკოლოზ გელენიძე
უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში დასაქმებისთვის 2026 წლის პირველი მარტიდან სპეციალური ნებართვა დასჭირდეს. შესაბამისი ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შევიდა. ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 84 ხმით მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები; გაიზრდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებაში, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე; დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას.
ბოლო წლებში სამშენებლო სექტორი მუშახელის დეფიციტს განიცდი, რის გამოც ბიზნესმა უცხოეთის მოქალაქეების დასაქმება დაიწყო. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გავლენას მოახდენს კანონის მიღება სამშენებლო სექტორზე და გაამწვავებს თუ არა ახალი საკანონმდებლო ნორმები კადრების არსებულ დეფიციტს? საკითხზე ჩვენ ნიკოლოზ გელენიძეს ვესაუბრეთ, რომელსაც სამშენებლო სექტორში ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, ის საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას არ ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რაც მეტი სამუშაო ადგილი დარჩება ადგილობრივი მუშა ხელისთვის, მით უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის.
„მუშა ხელი აუცილებლად დაგვჭირდება. ეს მუშა ხელი რამდენად კვალიფიციურია ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ კვალიფიციურ მუშა ხელშიც გადარჩევა მოხდება. ვინც ვერ იმუშავებს, შესაბამისად ანაზღაურება ნაკლები ექნება. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა, რომ უნდა იყოს შესაბამისობაში სპეციალისტი და საჭიროება. ნამდვილად გვჭირდება ასეთი სპეციალისტი თუ არა. თუ ნამდვილად გვჭირდება, რა თქმა უნდა, უცხოელიც უნდა მოვიწვიოთ. თუ ადგილზე ჩვენც გვყავს კადრი და ძალიან კარგი კადრები გვყავს, თუნდაც ძველი თაობის, შეიძლება მისი თანამედროვეობასთან მორგება და მათი ცოდნის გამოყენება. რომ გითხრათ, რომ არ მივესალმები (კანონის მიღებას) მოგატყუებთ. იმიტომ, რომ მაინც ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთვის, რომ დარჩეს სამუშაო ადგილები, ნამდვილად უკეთესი იქნება“, – აცხადებს ნიკოლოზ გელენიძე.
ნიკოლოზ გელენიძეს იმ მიზეზებზეც ვესაუბრეთ, რის გამოც სამშენებლო სექტორში მუშახელის დეფიციტი იქნება. ის აცხადებს, რომ კვალიფიციური კადრები ქვეყანას ტოვებენ, რადგან აქ შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ.
,,რატომ გავიდა მუშა ხელი? იმიტომ, რომ მან ნახა, რომ მისი შესაძლებლობები იყო მეტი და შესაძლებლობების შესაბამისი ანაზღაურება არ მიიღო. დალხენილი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ წავიდეს, ასეთი შემთხვევა იშვიათია. თუ ამ დარგში ხარ და ფიზიკურად მუშაობ, საზღვარგარეთ ანაზღაურება მეტია და მასაც უნდა, რომ რაღაცას ეწიოს ამ ცხოვრებაში. იგივე ანაზღაურებამდე თუ მივალთ ჩვენც და თუ შევძლებთ, რომ კვალიფიციურ მუშებს ანუ მშრომელებს არ გავუშვებთ საზღვარგარეთ და აქ შევუქმნით პირობებს, ეს იქნება გადასარევი. ძველ თაობას აქვს წლების განმავლობაში დაგროვებული უნიკალური გამოცდილება. ამის გამოყენება კარგი იქნება. შეიძლება მათ თანამედროვე მიდგომები არ იციან, თუმცა მათი აზრები და გამოცდილება რომ მოვარგოთ დღევანდელობას, ბევრად უფრო წინ წავალთ“, – აცხადებს ნიკოლოზ გელენიძე.