„რომ გავგიჟდეთ და დავეთანხმოთ, მერე რას აპირებენ?!“ — მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ გეგმას ეხმაურება, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებას და მანამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნებას გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ამის შესახებ 19 ნოემბერს პარტიის ოფისიდან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„დღეს ზედმეტი გულწრფელობის ხასიათზე ვარ რაღაცნაირად და პირველი რეაქცია რა მქონდა, იცით? აი, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს ვუთხარი, აქ ვისმენდით პარტიის ოფისში, გუშინ აქ ვიყავით, ვმუშაობდით… პირველი რეაქცია მქონდა, ისე, რომ გავგიჟდეთ და დავეთანხმოთ, მერე რას აპირებენ-მეთქი? ახლა რომ არჩევნები ჩავატაროთ, ხომ გარანტირებულად იმ ხმებსაც ვერ მიიღებენ?! სიგიჟეა, აბსურდია, წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი წამით თეორიულ დონეზე, ხუმრობის დონეზე რომ დავუშვათ, რომ გავგიჟდეთ ახლა, მოდი, ჩავატაროთ ახალი არჩევნები-მეთქი. ხომ გამორიცხულია, რომ ეს ხმებიც მიიღონ. რასაც ითხოვენ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი, მაგის დაშვება ვერ წარმოუდგენიათ. თვითონ იციან, რომ რესურსი აღარ აქვთ, რა გამოივაჭრონ და როგორ შემოვიდნენ დაუზიანებლად პარლამენტში, მაგის მცდელობა აქვთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები შემდგარად და ლეგიტიმურად არ შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან დაირღვა ორი მთავარი – ხმის მიცემის ფარულობისა და საყოველთაობის უფლებები. პრეზიდენტმა ხმის ფარულობის დარღვევაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემბერს შეიტანა.
სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ გამოსავალი საპროტესტო აქციაზევე საჯაროდ მოიწონეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა.