შეხვედრა „ვაიმარის სამკუთხედი+“-ის ფორმატში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ: საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, აგრეთვე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნატოს სამიტი ჰააგაში წარმოაჩენს ჩვენს ერთიანობას, დამყარებულს გამძლე ტრანსატლანტიკურ კავშირზე და ერთმანეთის დაცვისადმი მტკიცე ერთგულებასა და ტვირთის განაწილებაზე. სამიტმა უნდა მიიღოს შემდგომი გადაწყვეტილებები ალიანსის გაძლიერებისთვის, რომელიც მზად იქნება ალიანსის ტერიტორიის თითოეული გოჯის დასაცავად“.
საგარეო საქმეთა მინისტრები თვლიან, რომ ევროპულმა ქვეყნებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში:
„მივესალმებით ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინიციატივებს, რომლებიც სრულად ავსებს ნატოს, ამავდროულად ხაზს უსვამს ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მხრიდან დამატებითი სტრუქტურული ზომების მიღების საჭიროებას“.
ევროპული თანამშრომლობის კონკრეტულ მაგალითად განცხადებაში დასახელებულია ევროკავშირ-გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში პარტნიორობა.
საგარეო საქმეთა მინისტრები აგრეთვე აცხადებენ:
“ვაღიარეთ, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი 360-გრადუსიანი მიდგომა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოებების დასაცავად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგების გადასალახავად და ამ საფრთხეებსა და გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველა განზომილებაში ჩვენს აღმოსავლეთითა და სამხრეთით სამეზობლოსა და ბალტიის რეგიონში.
გავზრდით პარტნიორობას რეგიონებში, რომლებიც ახდენენ ზეგავლენას ჩვენს საზოგადოებებზე, განსაკუთრებით: ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, აფრიკაში, დასავლეთ ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში არასტაბილურობასთან გასამკლავებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“.
ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ გამოხატავენ “განუხრელ მხარდაჭერას უკრაინისადმი, მისი ხალხის, დემოკრატიის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის”.
“ვაიმარის სამკუთხედი+” ქვეყნები მიესალმებიან “აშშ-ს წინამძღოლობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევასა და ბოლოდროინდელ მოლაპარაკებებს უკრაინას და რუსეთ შორის, როგორც ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში, გაეროს ქარტიის ჩათვლით. ევროპა გააგრძელებს ამ ძალისხმევის ხელშეწყობას და მზად არის სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების გაეროს ქარტიის პრინციპებით მხარდასაჭერად. ვაფასებთ თურქეთის როლს, რომელიც მზად არის მხარი დაუჭიროს ნებისმიერ სხვა შესაბამის მხარდამჭერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს სამართლიან და ხანგრძლივვადიან მოგვარებას”.
მინისტრები ხაზს უსვამენ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების პროცესის და ცეცხლის შეწყვეტის საკითხისადმი:
“ვაქებთ უკრაინის კონსტრუქციულ მონაწილეობას პროცესში, რომელიც წარმოაჩენს მის ძლიერ ერთგულებას მშვიდობისადმი, კერძოდ – მის მზადყოფნას მყისიერი 30-დღიანი საყოველთაო და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომელიც იქნებოდა მყარი საფუძველი სერიოზული და სანდო მოლაპარაკებებისთვის ისევე, როგორც პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის მზადყოფნას”.
ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ “საპასუხოდ დაუყოვნებელი ქმედებისკენ და მაქსიმალისტური მოთხოვნებსა და წინაპირობებზე უარის თქმისკენ, რომ მან დაამტკიცოს მისი ნამდვილი ინტერესი მშვიდობისადმი. დავგმეთ რუსეთის მასიური თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც არის საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა”.
ევროპის ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ რუსეთის მიმართ ახალი სანქციებისთვის მზადყოფნაზეც:
“კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა გავაძლიეროთ რუსეთზე ზეწოლა შემდგომი სანქციებითა და მათთვის თავის არიდებასთან გასამკლავებლად, ვინაიდან ის კვლავაც უარს აცხადებს სერიოზულ და სანდო მიდგომებზე. აგრეთვე მზად ვართ სწრაფად მივიღოთ ახალი ზომები (სახელდობრ, ენერგეტიკისა და საბანკო სექტორებში), რომელთა მიზანი იქნება ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს გააგრძელოს აგრესიის ომი და მზად ვართ ჩავაყენოთ უკრაინა საუკეთესო პოზიციაში სამართლიანი და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მისაღწევად. მზად ვართ იმ დრომდე დავტოვოთ რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული, ვიდრე ის არ შეწყვეტს აგრესიას და იმ ზიანს არ აანაზღაურებს, რომელიც უკრაინას მიაყენა”.
მინისტრები აღნიშნავენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მნიშვნელობასაც:
“სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა მოიცავდეს ადეკვატურ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, რომელიც იწყება უკრაინის ძლიერი არმიითა და თავდაცვითი ინდუსტრიით. ტრანსატლანტიკურ ერთიანობაზე დაფუძნებით, ვიმუშავებთ უკრაინის არმიის გაძლიერების ინიციატივებზე; მზად ვართ გავზარდოთ მხარდაჭერა, უკრაინასთან თავდაცვითი ინდუსტრიის გაუმჯობესებისთვის თანამშრომლობის გზითა და დამატებითი ფორმების მოძიებით, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესაბამისად. ჩვენ აგრეთვე გავაგრძელებთ მუშაობას შეერთებულ შტატებთან ამ საკითხზე”.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ “ვაიმარის სამკუთხედი+” ფორმატში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მსჯელობის უმთავრესი საკითხთა შორის იქნებოდა უკრაინის გაძლიერება და ნატოს მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფა “არა მხოლოდ ახლა, არამედ ხუთ და ათ წელიწადში იმის უზრუნველყოფა, რომ გვქონდეს საკმარისი ფული და აგრეთვე თავდაცვის წარმოების პროდუქცია”.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – იქნება თუ არა ზელენსკი ჰააგის სამიტზე – რიუტემ ასეთი პასუხი გასცა:
“რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნებთ პროგრამას და ყველაფერს ნახავთ”.
კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა რუსეთის მოთხოვნებს მოლაპარაკებებზე – “არის მოთხოვნები, რომლებსაც მისაღებად მიიჩნევდით?” – ჰკითხა ნატოს გენერალურ მდივანს ჟურნალისტმა. მარკ რიუტემ განაცხადა:
“არ ვაპირებ აქ მოლაპარაკებების გამართვას. ცხადია, ნამდვილად უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა – მან გაარღვია ჩიხი პრეზიდენტ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებით. მე მას ვაქებ ამისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ახლა კი ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომა და ვფიქრობ, რუსები, სტამბოლში მოლაპარაკებებზე უკვე ორჯერ ამ ისტორიკოსის გაგზავნით, ცდილობენ დაიწყონ ათასი წლის წინანდელი ისტორიით და შემდეგ იმის მეტ-ნაკლებად ახსნით, რომ ეს უკრაინის ბრალია. ვფიქრობ, ეს არ არის ხელშემწყობი, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ პროგრესის მიღწევას”.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის სამი საკითხი, რომლებიც როგორც რომში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე, ისე ნატოს მომავალ სამიტზე ფოკუსში იქნება. ეს საკითხებია: თავდაცვის ხარჯების გაზრდა; თავდაცვითი ინდუსტრიის პროდუქტიულობის გაზრდა და უკრაინის მხარდაჭერა, “ვინაიდან საჭიროა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს საუკეთესო პოზიციაში, რუსეთთან” გასამკლავებლად და გრძელ ვადაში – ცეცხლის შეწყვეტის/სამშვიდობო შეთანხმების პირობებში, “პუტინმა ეს ვეღარასდროს გაბედოს”.
24-25 ივნისს ჰააგაში ნატოს სამიტი გაიმართება. ივლისში კი რომშია დაგეგმილი უკრაინის აღდგენის კონფერენციის გამართვა.
ფორუმი
