რომში “ბანანის მსოფლიო ფორუმი” გაიმართა – ინდუსტრია ხილზე ფასის ზრდას ელოდება

ინდუსტრიის -ექსპერტები BBC-სთან საუბარში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილების პარალელურად ბანანის ფასი ეტაპობრივად გაიზრდება. ამ საკითხის განსახილველად 12 მარტს რომში “ბანანის მსოფლიო ფორუმი” გაიმართა, რომელზეც ინდუსტრიის წარმომადგენლები არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
როგორც OECD-ის უფროსმა ეკონომისტმა და გლობალური ბაზრისა და ვაჭრობის დივიზიის ხელმძღვანელმა, პასკალ ლუმ, ბრიტანულ მედიას განუცხადა, კლიმატის ცვლილება ბანანის მარაგებს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან ტემპერატურის ზრდა ხილში დაავადებებს აჩენს. ბრიტანეთის ზოგიერთ რეგიონში ბანანის დეფიციტი უკვე გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ბანანი მსოფლიოს TOP საექსპორტო ხილში პირველ ადგილს იკავებეს. მხოლოდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 5 მილიარდი ბანანი შედის, რომლის 90%-იც მსხვილ სუპერმარკეტებში რეალიზდება. გასულ კვირას გაჩენილი დეფიციტი კი ტრანსპორტირების შეფერხებით აიხსნება, რომელიც ზღვის შტორმმა გამოიწვია.
ექსპერტების შეფასებით, ინდუსტრია მსგავსი ტიპის მოკლე ვადიან ბუნებრივ მოვლენებს გაუმკლავდება, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის ზრდა მცენარეებში დაავადებების უფრო ინტენსიურ გავრცელებას გამოიწვევს.
მარაგებისა და პროდუქტზე ფასის ზრდის გარდა, რომში გამართულ ფორუმზე ინდუსტრიის წარმომადგენლები პროდუქტის მდგრადი წარმოების საშუალებებსაც განიხილავენ. მომხმარებლების მხრიდან ეკომეგობრული გზებით მოყვანილ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, რის გამოც ბანანის მწარმოებლები მწვანე პოლიტიკაზე გადართვას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ