რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა მოსამართლეს 100 000-ლარიანი გირაო, საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება და ელექტრონული სამაჯურის გამოყენება შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
აღნიშნულ საქმეზე წინასაგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დაკავებული მიქაუტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დარჩენას მოითხოვდა.
პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, პატიმრობის გამოყენების საფუძვლები კვლავ ძალაშია. მარშანიას თქმით, საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, ბევრი მოწმეა დასაკითხი, ამასთან, ქონებებია მოსაძიებელი და მათი წარმომავლობა შესასწავლი, თავისუფლებაში ყოფნისას კი მიქაუტაძემ შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს, რომლებთანაც მას მჭიდრო კავშირი აქვს.
ამასთან, პროკურორის თქმით, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით, მიქაუტაძე შესაძლოა, მიიმალოს, „მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ და ის ესპანეთში ფლობს ქონებას”.
სხდომათა დარბაზში მიქაუტაძის ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებიან.
მოსამართლემ რომეო მიქაუტაძის მეუღლეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა და განუცხადა, თუკი, რეპლიკებს არ შეწყვეტდა, სხდომათა დარბაზიდან გააძევებდა.
„მეუღლეა და ბოდიში, ვერ იკავებს თავს“, – განაცხადა მოსამართლის საპასუხოდ რომეო მიქაუტაძემ.
პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატი მალხაზ სალაყაია აცხადებდა, ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
„ბრალდებული გამოკეტილია საკანში, ყველანაირი კომუნიკაცია აქვს აკრძალული. თქვენ მეუღლის ემოცია გაგიკვირდათ, მაგრამ იმ დღის მერე, მეუღლემ პირველად ნახა, ხმაც არ გაუგონია….“ – განაცხადა სალაყაიამ.
ის ბრალდებულის 100 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი მოსამართლეს რომეო მიქაუტაძის მიმართ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას სთავაზობდა, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და ელექტრონულ მონიტორინგს.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
კერძოდ კი, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – მე, როგორც საკრებულოს დეპუტატს, ბევრი ინფორმაცია მაქვს თბილისის პრობლემების შესახებ, გუნდის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ – ჩვენ და „ლელო“ მერობის კანდიდატის საკითხზე არ დავიწყებთ კინკლაობას