რომეო მიქაუტაძის ადვოკატი – მოწმის განმარტებით, მუსირებდა ხმები, რომ რომეო მიქაუტაძეს შესაძლოა ჰქონდა რაღაც დაინტერესება დასახელებული კომპანიების მიმართ, თუმცა ვერ უთითებს წყაროს – ეს იყო მისი აღქმა და არა ფაქტი

ის ინფორმაცია, რაც მიაწოდა მოწმემ სასამართლოს, მამხილებლად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. მოწმემ განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძე ყოველთვის მოქმედებდა კანონის დაცვით, ყოველთვის მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, მას არასოდეს არ მიუღია რომეო მიქაუტაძისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მითითება და არც სხვისგან გაუგია, რომ ვინმე სხვა თანამშრომლისთვის მიეცა ასეთი მითითება, შესაბამისად, მე არ ვიცი, რატომ თვლის პროკურორი ამ ჩვენებას მამხილებლად, რადგან მოწმემ, ფაქტობრივად, გამორიცხა რომეო მიქაუტაძის მხრიდან ვინმე პირის სასარგებლოდ მოქმედება და კანონის ნებისმიერი სახით დარღვევა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ სასამართლო სხდომის ასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, რომეო მიქაუტაძის სახლის ჩხრეკას არანაირი კავშირი არ აქვს ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკასთან. მისი თქმით, ეს არის გამოყოფილი საქმე და ყოფილი მაღალჩინოსნების ჩხრეკის საქმის მასალებთან მას წვდომა არ აქვს, თუმცა ნემსიწვერიძე არ გამორიცხავს, რომ იმ გამოყოფილი საქმის ფარგლებში სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობდეს საგამოძიებო პროცესი.
„დასახელებულ ორ შპს-სთან მიმართებაში მოწმემ ჯერ პირდაპირი დაკითხვისას, შემდეგ უკვე დაცვის მხარის შეკითხვებზეც განმარტა, რომ უბრალოდ მუსირებდა რაღაც ხმები, რომ რომეო მიქაუტაძეს შესაძლოა ჰქონდა რაღაც დაინტერესება ამ კომპანიების მიმართ, თუმცა ის ვერ უთითებს ვერც წყაროს, ვინ საუბრობდა, მან არ იცის, საიდან გადიოდა ეს ხმები კონკრეტულ სამინისტროში, შესაბამისად, ის საუბრობს, რომ ეს იყო მისი აღქმა და არა ფაქტი.
მოწმემ თავად განმარტა, თუ რას გულისხმობდა ნებართვებში, როდესაც ამ გამოკითხვის ოქმში საუბარია, რომ რომეო მიქაუტაძეს თითქოს ჰქონდა რაღაც გავლენების შესაძლებლობა ნებართვების გაცემის პროცედურებზე. მან განმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არ გასცემს არანაირ ნებართვას და ნებართვებში ის გულისხმობდა მემორანდუმის გაფორმებას კომპანიებთან და ეს რომეო მიქაუტაძის არათუ გავლენა, არამედ პირდაპირი ვალდებულება იყო ამ პროცესში მონაწილეობა.
ის ფაქტი, რომ კომპანია „ჯეოქრაფტის“ მეწილეები არიან რომეო მიქაუტაძის მეგობრები, ეს თავად დაადასტურა ბატონმა რომეომ პროცესზე, თუმცა ჩემგან კომენტარის გაკეთება იმაზე, თუ რატომ გაუჩნდა მოწმეს აღქმა მაშინ, როდესაც თავადვე განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძისგან არც „ჯეოქრაფტთან“ მიმართებაში არ მიუღია არანაირი მითითება ან მინიშნება, რომ ის მისი მეგობრების იყო და მათთვის მიუნიჭებია რაიმე სახის უპირატესობა, ეგ ჩემთვის უცნობია.
ჩხრეკის დროს ამოღებულია 1200 დოლარი, რომელიც არის ოჯახის სახარჯო თანხა, ასევე ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელსაც არც ამ საქმესთან და არც სხვა რომელიმე სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ აქვს აბსოლუტურად, უბრალოდ გამომძიებელმა ჩათვალა, რომ ის დოკუმენტები, რომელიც იყო სახლში, უნდა წაეღო და შეესწავლათ უბრალოდ.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რომელიც გამოყოფილი იქნა ამ საქმისგან, რომელსაც ჩვენ დღეს სასამართლოში განვიხილავთ.
გამოძიება მიმდინარეობს ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს 194-ე მუხლით ანუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე, სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, თუმცა, კონკრეტულად ვინმეს მიმართ არ მიმდინარეობს. არანაირ კავშირში არ არის (ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის საქმესთან), ეს არის სხვა სისხლის სამართლის საქმე, მე არ ვიცი, კონკრეტულად რომელი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაიჩხრიკა სხვა პირების სახლები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იმ გამოყოფილი საქმის ფარგლებში იძიებდნენ ასევე სხვა პირების მიმართაც რაღაცას. ჩვენთვის უცნობია, ჩვენ არ გვაქვს წვდომა იმ საქმის მასალებზე“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.
ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.