რომეო მიქაუტაძის ადვოკატი – თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან, ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია – მზად არის, დაასაბუთოს თავისი ქონება ბოლო თეთრამდე

ეკონიმიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბროტად გამოყენებასა და უკანონო შემსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მას „ყველა თეთრის დასაბუთება შეუძლია“.
„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, იქიდან გამომდინარე, რომ მას ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია. იმისათვის, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზება სახეზე გვქონდეს, მისი ქონება, რომლის ლეგალიზებასაც ედავებიან, უკანონოდ უნდა იყოს მოპოვებული. ის მზად არის დაადასტუროს და დაასაბუთოს მისი ქონება ბოლო თეთრამდე, ის ამის მზაობას მანამდეც გამოხატავდა, თუმცა, სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანო მისი ჩვენებით არ დაინტერესდა, ის ისე დააკავეს, არც კი გამოუკითხავთ, რომ მას საშუალება მისცემოდა, მისი პოზიცია აეხსნა იმ ბრალდებებთან, ეჭვებთან დაკავშირებით, რაც საგამოძიებო ორგანოს გააჩნდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი შიშობდნენ, რომ მისი ჩვენებით და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათ ეს აბსურდული ბრალდება ჩამოეშლებოდათ, რაც მას დღეს წარედგინა.
ჩინოვნიკობამდე რომეო მიქაუტაძე მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა და საკმაოდ სოლიდური ქონება დააგროვა, ის შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, ჩვენ სასამართლოს დავუმტკიცებთ, რომ ბრალდება, რომელიც მას წარედგინა, აბსურდული და უკანონოა“, – აცხადებს ნემსიწვერიძე.
კითხვაზე, თუკი, მის მიერ მოპოვებული ქონებები კანონიერი იყო, სხვაზე რატომ აფორმებდა მათ, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეს ქმედება დანაშაული არ არის.
„ოჯახის ქონება მათ შორის, არის მისი თანასაკუთრება, თუმცა, საჯარო მოხელემ არ შეიძლება ეს ქონება მის სახელზე დაირეგსიტრიროს, აქედან გამომდინარე, მისი ოჯახის სხვა წევრზე იყო გაფორმებული, ამაში დანაშაული არაფერი არ არის. მისი ოჯახის წევრებს შეუძლიათ დაადასტურონ ამ ქონების წარმომავლობა, რომ ეს ქონება კანონიერი საქმიანობის შედეგად არის მოპოვებული, როგორ დაასაბუთებს, ამას სასამართლოზე მოისმენთ“, – აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, დაარღვევს თუ არა ბრალდებული დუმილს სასამართლოში, ნემსიწვერიძე პასუხობს, რომ „მიქაუტაძე არ დუმს და მისთვის, არც არავის უკითხავს რამე“.
ასევე, იმ ფაქტთან დაკავშირებით, გამოიკითხნენ თუ არა თანამდებობის პერიოდში მისი ხელმძღვანელები, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ჯერ არ იცის.
„სულ 5 წუთის წინ გადმომეცა დოკუმენტაცია, არ ვიცი ვინ არის გამოკითხული და ვინ – არა, როცა საქმის მასალებს გავეცნობი, შემდეგ შევძლებ დეტალურად ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. უწყების ცნობით, მიქაუტაძე თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
უწყების ცნობითვე, მიქაუტაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სუს-ის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად მიქაუტაძის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა.
უწყების ცნობით, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.
სუს-ის განმარტებით, გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც მიქაუტაძის მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები.
რომეო მიქაუტაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, პირველი მოადგილე კი 2022 წლის 30 დეკემბრიდან გახდა. ის ამ პოსტს 2024 წლის 11 თებერვლამდე იკავებდა.