რომეო მიქაუტაძის ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში მისცა თუ არა მიქაუტაძემ ჩვენება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში მისცა თუ არა მიქაუტაძემ ჩვენება.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აღნიშნავს, მიქაუტაძეს ჩვენება არც მის საქმეზე აქვს მიცემული.
„ჩემთვის უცნობია, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა თუ არა, რომეო მიქაუტაძე და მისცა თუ არა მან რაიმე სახის ჩვენება“, – აცხადებს ბექა ნემსიწვერიძე.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა. მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დაკავებული რომეო მიქაუტაძე.
პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო. მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის” დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.