საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ბრალი წარუდგინა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს რომეო მიქაუტაძე დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ 2023 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის მეუღლემ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599 955 ევრო. ეს თანხა მის ანგარიშზე ნაღდი ფულით შევიდა 2023 წლის 26 ივნისს. აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე.
გამოძიების ვერსიით, ამ თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულმა და სხვა პირებმა დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში 600 000 ევრო უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა – აცხადებს პროკურატურა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რომეო მიქაუტაძემ „განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით“ შეიძინა ორი ავტომანქანა, რომელთა ღირებულებაც საერთო ჯამში 842 592 ლარს შეადგენს. ეს მანქანები კი ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე.
პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას ედავება.
ეკონომიკის მინინსტრის ყოფულ მოადგილეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
