უკვე გავრცელებული ოთხდღიანი სამუშაო კვირა არის სისტემა, როცა ბიზნესი თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკი მთელი ერთი დღით შეამციროს.
tech.co წერს, რომ წელს, ვიდრე ოდესმე, ოთხდღიან სამუშაო კვირას, როგორც ოფციას, უფრო მეტი ბიზნესი სთავაზობს თანამშრომლებს. მეტიც, პანდემიის შემდეგ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე მთელს მსოფლიოში ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც ასობით კომპანია და ათასობით თანამშრომელი მონაწილეობდა. შედეგი აბსოლუტურად დადებითი იყო.
ოთხდღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ყოველკვირეული საათები ხუთის ნაცვლად ოთხ დღეში დაასრულონ, რაც მათ დამატებით დასვენების დღეს უტოვებს. თუმცა სისტემა სხვადასხვაგვარია. კერძოდ, ერთის მხრივ, თანამშრომლები ნებისმიერი კვირის განმავლობაში ნაკლებ საათს მუშაობენ, მეორეს მხრივ კი, სამუშაო საათების რაოდენობა იგივე რჩება და დღეების რაოდენობა ხუთიდან ოთხამდე მცირდება.
ამასთან, ოთხდღიანი სამუშაო კვირის ბევრ ექსპერიმენტში “100-80-100-ის” მეთოდი იქნა გამოყენებული, რაც პერსონალისთვის 100%-იანი ანაზღაურების გადახდას სამუშაო დროის 80%-ზე 100%-იანი პროდუქტიულობის სანაცვლოდ გულისხმობს.
ოთხდღიანი სამუშაო კვირის აქტუალურობის მიუხედავად, ნაკლებია ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემა რეალურად დანერგა ან მიიღო კანონი, რომელიც მუშახელს ამ მხრივ არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ოთხდღიანი სამუშაო კვირა, სხვებთან შედარებით, მეტად გავრცელებულია. ასევე, არის ქვეყნები, სადაც არსებული კანონები ამ სისტემაზე გადასვლას აჩქარებს.
მაინც, მსოფლიოს რომელი ქვეყნები “აკეთებენ ნახტომს” ოთხდღიანი სამუშაო კვირისკენ და სად შეიძლება ყველაზე მარტივად ისეთი სამუშაოს შოვნა, სადაც პარასკეობით მუშაობა სავალდებულო არ არის:
ბელგია
ეს პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც 2022 წელს ოთხდღიანი სამუშაო კვირა დააკანონა. ბელგიელებს უკვე ლეგალურად შეუძლიათ, ოთხ დღეში დაასრულონ სამუშაო საათები, რომლებიც მანამდე მათ სტანდარტულ ხუთდღიან სამუშაო კვირას შეადგენდა.
2022 წლის ნოემბერში, კანონის მიღების დღეს ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექს დე კროომ განაცხადა, რომ „მიზანი არის, ადამიანებსა და კომპანიებს თავიანთი სამუშაო დროის გადასანაწილებლად მეტი თავისუფლება მიეცეთ.”
არაბთა გაერთიანებული საემიროები
2023 წლის 1-ლი ივლისიდან საემიროებში ყველა სახელმწიფო თანამშრომელს არჩევანის მიხედვით, შეუძლია, კვირაში ოთხი დღე იმუშაოს. მართალია, ეს წესი სხვა მუშახელს არ ეხება, მაგრამ საემიროებში სამუშაო ძალის, თითქმის, 90% მთავრობის მიერ არის დასაქმებლი. ამდენად, კვირაში ოთხი დღე მუშაობა რეალურად ადამიანების დიდ უმრავლესობას შეუძლია.
ისლანდია
ამ ცივ, პატარა ქვეყანაში, სადაც 350,000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს, რეალურად უფრო მეტი მუშახელია, რომელიც კვირაში ოთხი დღე მუშაობს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. 2015-დან 2019 წლამდე ქვეყანაში ოთხდღიან სამუშაო კვირაზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხანგრძლივი ექსპერიმებტი ჩატარდა, რაც საბოლოოდ დაინერგა კიდეც. 2022 წელს Forbes წერდა, რომ ისლანდიელი მუშახელის, თითქმის, 90% სამუშაო საათებს ყოველ კვირას ამცირებს.
ლიეტუვა
მართალია, ქვეყანაში არ მოქმედებს კანონი, რომელიც ოთხდღიან სამუშაო კვირას გულისხმობს, მაგრამ მოქმედებს 2021 წელს მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს შეუძლიათ, კვირაში მხოლოდ 32 საათი იმუშაონ, მაშინ, როცა ქვეყანაში სამუშაო კვირა, საშუალოდ, 40 საათია. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ლიეტუვაში მშობლები კვირაში ოთხდღიანი საათების რაოდენობით მუშაობენ, მაშინაც კი, თუ ამ საათებს ხუთ დღეზე ანაწილებენ.
საფრანგეთი
იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთში ოთხდღიანი სამუშაო კვირა დაკანონებული არ არის, ბიზნესი პერსონალს ამ სისტემას სულ უფრო ხშირად სთავაზობს. ეს, ნაწილობრივ, განპირობებულია იმით, რომ საფრანგეთმა 2000 წელს 35-საათიანი სამუშაო კვირა დააკანონა, რომლის ოდესმე გაუქმებაც ნაკლებ სავარაუდოა. ეს კანონი საკმაოდ მარტივს ხდის ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას. კერძოდ, ოთხი 8-საათიანი სამუშაო დღე კვირაში 32 საათს შეადგენს, რაც კანონით დადგენილ 35 საათზე ოდნავ ნაკლებია. შრომის სამინისტროს მონაცემებით, საფრანგეთში 10,000 თანამშრომელი უკვე ოთხდღიან სამუშაო კვირაზე არის გადასული.
ოთხდღიანი სამუშაო კვირა მთელ მსოფლიოში არაერთხელ დაიტესტა და მთლიანობაში, ეს ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდა.
9 ქვეყანა, რომლებმაც ოთხდღიანი სამუშაო კვირის სისტემა უკვე გამოსცადა ან ცდიან:
· გაერთიანებული სამეფო (ექსპერიმენტი დასრულდა) – მონაწილეობდა 61 კომპანია და 2,900-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიების 92%-მა სისტემის გამოყენება გააგრძელა, ხოლო 18-მა კომპანიამ პოლიტიკა შეცვალა.
· აშშ და ირლანდია – (2022 წელს დასრულდა) ერთობლივ ექვსთვიან ექსპერიმენტში 33 კომპანიის 900 თანამშრომელი მონაწილეობდა. CNBC-ის თანახმად, მონაწილეებმა სისტემა 10-დან 9.1-ით ქულით შეაფასეს, ხოლო 97%-მა მისი შენარჩუნების სურვილი გამოთქვა.
· ესპანეთი (2023 წლის 10 აპრილიდან 7 მაისამდე) – ქალაქ ვალენსიაში 360,000 მუშახელს კვირაში დამატებითი დასვენების დღე მიეცა. კვლევამ აჩვენა, რომ სისტემა უკეთესია მუშახელის ჯანმრთელობისთვის და მათი შვილებისთვისაც მეტი სარგებელი მოქვს.
· სამხრეთ აფრიკა/ბოტსვანა (2023 წელს დასრულდა) – მონაწილეობდა 28 სამხრეთაფრიკული ბიზნესი და ერთი კომპანია მეზობელი ბოტსვანიდან. უმეტესობამ სისტემის გამოყენება გააგრძელა, ხოლო სამმა კომპანიამ შეწყვიტა. ექსპერიმენტმა სტრესის 40%-ით და დამწვრობის 75%-ით შემცირება, ასევე, ავადმყოფობის ნაკლები დღეები და სამუშაოსა და ცხოვრებას შორის გაუმჯობესებული ბალანსი აჩვენა.
· იაპონია – Microsoft-იაპონიამ ჯერ კიდევ 2019 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი თავის პერსონალზე საათების შეკუმშვით. მონაწილეების, დაახლოებით, 40% უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა. თუმცა ტენდენცია ქვეყნის მასშტაბით ჯერ არ შეინიშნება.
· კანადა (2022 წელს დასრულდა) – მონაწილეობდა 41 კომპანია, საიდანაც 35-მა აღნიშნა, რომ აპირებდნენ ცვლილების შენარჩუნებას ან მიდრეკილი იყვნენ ამისკენ.
· პორტუგალია (მიმდინარეობს) – ექვსთვიანი საცდელი ექსპერიმენტი ივნისში დაიწყო. მონაწილეობს 39 კორპორატიული ბიზნესი. სტანდარტულად ქვეყანაში მუშახელის, თითქმის, სამი-მეოთხედი კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს.
· ბრაზილია (მიმდინარეობს) – დაიწყო 2023 წლის 4 სექტემბერს, რაც ლათინურ ამერიკაში პირველი პრეცენდენტია. მონაწილეობს 20 კომპანია, თითოეულში 400-ზე მეტი თანამშრომლით.
არის ქვეყნები, რომლებიც მუშახელის სამუშაო საათების რაოდენობას თანდათან ამცირებენ. კერძოდ, დანიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სამუშაო კვირა აქვს. მუშახელს კვირაში მუშაობა მხოლოდ 33 საათი მოეთხოვება, რაც ოთხი დღის განმავლობაში დღეში 8 საათისა და პარასკევს ნახევარი დღის ექვივალენტია.
ნიდერლანდებში სამუშაო საათები უფრო ნაკლებია და საშუალო სამუშაო კვირა სულ რაღაც 29 საათს შეადგენს. ეს ევროპაში ყველაზე მოკლე სამუშაო კვირაა.
ამ მხრივ კუნძულოვანი სახელმწიფო, ვანუატუ ლიდერია, სადაც საშუალო სამუშაო კვირა სულ რაღაც 24,7 საათისგან შედგება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი