რომელ ქვეყანაშია UNESCO-ს მიერ დაცული ყველაზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი?

ქვეყანა, საიდანაც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ყველაზე მეტი ძეგლია ხვდება, იტალიაა – UNESCO-მ 2023/24 წლის სია ახლახან განაახლა, რის შემდეგაც იტალიის კულტურულ ძეგლთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა – ამის შესახებ Statista-ს სტატიაში ვკითხულობთ.
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იტალიის უახლესი დამატება 800 კმ-იანი Via Appia გახდა, რომელსაც UNESCO “უძველესი რომაელების მიერ აშენებულ მსოფლიოს უძველეს და უმნიშვნელოვანეს გზას” უწოდებს.
ამასთან, 2023 წელს იტალიის გამორჩეული ტურისტული მიმართულება – ვენეცია – განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლების სიის კანდიდატად იყო აღიარებული: ათწლეულზე მეტია, ქალაქის ადმინისტრაციას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დამცავი ზომების შემუშავებისა და ჭარბი ტურიზმის პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებენ, რისთვისაც მიმდინარე წელს ვენეციამ ქალაქის ტურისტული მოსაკრებელიც დააწესა. ამის მიუხედავად, ვენეცია კვლავ რჩება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
იტალიის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მეტი – 60 – ძეგლი ჩინეთშია დაცული. მათგან ორი – პეკინის ცენტრალური ღერძი (გზა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადის) და ჩრდილოდასავლეთ ნაწილში არსებული ბადაინ-ჯარანის უდაბნო – სიას წელს დაემატა.
რეიტინგში მესამე ადგილს გერმანია იკავებს, რომლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც წელს კიდევ ერთი, 54-ე ძეგლი შეემატა. UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობად შვერინის ციხე შეიყვანა, რომელიც შვერინის ტბის მთავარ კუნძულზე მდებარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების 10 ასე გამოიყურება:
· იტალია – 60
· ჩინეთი – 59
· გერმანია – 54
· საფრანგეთი – 53
· ესპანეთი – 50
· ინდოეთი – 43
· მექსიკა – 35
· დიდი ბრიტანეთი – 35
· – 32
· ირანი – 28
რაც შეეხება საქართველოს, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 4 ქართული ძეგლი ხვდება:
· მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.)
· გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.)
· ზემო სვანეთი (1996 წ.)
· კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.)
bm.ge