2024 წლის იანვარში გლობალური აქციების ბაზრების დინამიკა რეგიონებს შორის განსხვავებული იყო. გასული თვე განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა აშშ-ს აქციების ბაზრისთვის, რომელიც 1.6% გაიზარდა. თუმცა, სხვა რეგიონების ბაზრებზე ფასების კლება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
„31 იანვრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 18.8% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 45.8% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში.
31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 896.5 მლნ ლარს მიაღწია. 2024 წლის იანვარში საქართველოში ნულოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო თვიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა 31 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5% ით, 9.0%-მდე შეამცირა. დაბალი ინფლაცია და კლებადი საპროცენტო განაკვეთები დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს ფიქსირებული შემოსავლიანობის მქონე აქტივების რეალურ ამონაგებზე. ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა,“- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.
სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას იმ 11-11 ძირითადი ქართული და საერთაშორისო კომპანიის შესახებ, სადაც მოსახლეობის საპენსიო დანაზოგებია განთავსებული. ამ კომპანიებს შორისაა: Google, Microsoft, Apple, Amazon, Tesla, „ნიკორა“, „სელფი“, „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი“ და ა.შ.