2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში როგორც დაფასოებული, ისე დაუფასოებელი მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა. ქვეყანამ წელს 11 თვეში 489.5 მლნ დოლარის დაფასოებული მედიკამენტები შეიძინა, გასულ წელთან შედარებით 35.7%-ით მეტი.
რაც შეეხება დაუფასოებელ მედიკამენტებს, საქართველომ წელს 12.8 მლნ აშშ დოლარის ასეთი მედიკამენტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 11.2 მლნ აშშ დოლარის.
ტოპ-5 კომპანია რომლებმაც წელს მედიკამენტების იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განახორციელეს შემდეგია:
· სს გეფა – კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: კომპანიის 77%-იანი წილი სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ეკუთვნოდა, 20% – ენრიკო ბერიძეს, ხოლო 3% – მიხეილ აბრამიძეს. მშობელი კომპანია ფლობს ჯგუფის საკონტროლო პაკეტს. ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „GHG“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია (წყარო – reportal.ge). დირექტორია ანდრო თევზაძე.
· შპს აბულფარმ -სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია.
· შპს შოთაფარმ – აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კვლავ აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია, რომელიც ზემოთნახსენებ აბულფარმს ფლობს.
· შპს ავერსი-ფარმა – კომპანიის 67% ეკუთვნის პაატა კურტანიძეს, 33% კი ნიკოლოზ კურტანიძეს. ავერსი-ფარმას გენერალური დირექტორია გიორგი მელანაშვილი.
· შპს პსპ ფარმა – კომპანიის 95% ეკუთვნის დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს, ამჟამად წილის მმართველია ვაჟა ოქრიაშვილი, 5% კი თენგიზ ჯამელაშვილს. კომპანიის დირექტორია ვაჟა ოქრიაშვილი. ცნობისთვის, ხუთეული არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
დაფასოებული მედიკამენტების მთავარი იმპორტიორი ქვეყნები შედეგია:
· თურქეთი – 136.2 მლნ აშშ დოლარი
· შვეიცარია – 53.09 მლნ აშშ დოლარი
· გერმანია – 52.1 მლნ აშშ დოლარი
· უნგრეთი – 36.4 მლნ აშშ დოლარი
· საფრანგეთი – 28.5 მლნ აშშ დოლარი
· ინდოეთი – 16.5 მლნ აშშ დოლარი
· სლოვენია – 15.2 მლნ აშშ დოლარი
· რუსეთი – 5.06 მლნ აშშ დოლარი
· ლიეტუვა – 12.4 მლნ აშშ დოლარი
· იტალია – 11.5 მლნ აშშ დოლარი.
დაუფასოებელი მედიკამენტების მთავარი იმპორტიორები შემდეგია:
· ინდოეთი – 3.1 მლნ აშშ დოლარი
· ჩინეთი – 1.4 მლნ აშშ დოლარი
· იტალია – 1.4 მლნ აშშ დოლარი
· უკრაინა – 1.2 მლნ აშშ დოლარი
· ლატვია – 1.2 მლნ აშშ დოლარი
· ესპანეთი – 1.06 მლნ აშშ დოლარი
· საბერძნეთი – 1.02 მლნ აშშ დოლარი
· ჩრდილოეთ მაკედონია – 887.7 ათასი აშშ დოლარი
· აშშ – 737.5 ათასი აშშ დოლარი
· სამხრეთ კორეა – 304.3 ათასი აშშ დოლარი.