სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:
ბიძინა ივანიშვილს ქუჩაში მდგომი ხალხი ხომ ჰგონია მისი მტერი და რომელი უფრო დიდი მტერია ახლა მისი, ის გუბერნატორი, რომელიც ოთხი წელია, არც ერთ აქტივობაში არ შემიმჩნევია, თუ ის ადამიანები, ვისაც 5–5 ათასი ლარით აჯარიმებენ? ის მერები და დეპუტატები, რომლებმაც უმოქმედობით ასე დაამძიმეს საქმე გურიასა და აჭარაში, თუ სამოქალაქო აქტივისტები? ის ბიზნესმენები უფრო დიდი მტრები არ არიან, რომლებიც ქართული ოცნების პირობებში გამდიდრდნენ, გურიაში, მაგალითად, ვასო ჩიგოგიძის და ნინო წილოსანის ფრთის ქვეშ, ბიზნესიც აქვთ, ტენდერებსაც იგებენ, თავიანთ საწარმოებში მძიმე ტექნიკაც უყენიათ და მაშინ როცა თბილისიდან მიდიან მოხალისეები და სოფელ–სოფელ ქირაობენ ტრაქტორებს, ადგილობრივ ბიზნესმენებს ტექნიკა არც კი დაუძრავთ ადგილიდან? ანუ, ქართული ოცნება ჭამს და აჭმევს ამ ბიზნესმენებს და ხალხს თუ რამე დასჭირდა, მთავრობას არ აქვს საკმარისი ტექნიკა და ბიზნესს აქვს, მაგრამ გაყურსულია? მათ ენაზე რომ ვთქვა, კიდია? „გამპრავებლები“ წერენ, აგერ, იაპონიაშიც გათოვდაო, კაი, კაცო, ჩვენც ვიცით, რომ ყველგან თოვს, და არ გათოვდესო, არავის უთქვამს. ჯერ ერთი, ისედაც დედა აქვს ნატირები სოფლებს და 2 მეტრიან თოვლს კი არა, 20 სანატიმეტრიანს რომ უძლებს, ეგაც მაგარია. თორემ, კი, სხვაგანაც მოდის თოვლი, ბათუმის და გურიის პარალელურად, თურქეთშიც კი თოვდა და სოფლები კი არ მოწყვეტილა, სახლები კი არ ჩაუნგრევიათ, ხალხი კი არ დაუხოცავთ თოვლის გამო. რაც შეეხება ბათუმს, ამ პატარა ქალაქში, ავტობუსები გააჩერეს, მთავარი გზებიც კი ვერ გაწმინდეს, თორნიკე რიჟვაძე ნახევარი საათით გამოსულა ქალაქში და მოვიკითხოთ, ხალხო, ხომ არ გაცივდა, ფეხუნები ხომ არ დაუსველდა, ხომ არ დააცემინა, ხომ გემრიელად ივახშმა, ხომ კარგი მანქანით მიიყვანეს მერე სახლამდე, სანამ მოქალაქეები, პროდუქტებს ძლივს ყიდულობდნენ, ჯერ ერთი უფულობის გამო და მეორეც, პროდუქტების უმრავლესობა საჭმელად რამდენად ვარგისია საკითხავია და მერე ამ გაუწმენდავ, თოვლიან, გაყინულ გზაზე, გაყინული თითებით, მიათრევდა ამ პროდუქტს ფეხით სახლამდე? გია ჭყონიას შპს–მ 100 მილიონამდე ტენდერები მისცეს აჭარაშიო და მძიმე ტექნიკა რატომ არ გამოჰყავს ქუჩებში, რატომ არ ეხმარება რიჟვაძეს გზის გაწმენდაში? სარფის იქეთ მაინც გადაიხედონ, როგორ გაწკრიალებულია ამდენი თოვლის მიუხედავად თურქეთში გზები, თურქეთში მხოლოდ დასასვენებლად დადიან? და კიდევ, ბათუმში უამრავი ადამიანი მუშაობს დღიურად, ახლა რომ რიჟვაძის უვარგისობის გამო, სამსახურებში ვერ წავიდნენ ეს დღეები, ისინი მოიკითხა ვინმემ? რას ჭამენ, ხომ არ შიმშილობენ?
