საქართველოში Duty Free ტიპის მაღაზიები განთავსებულია სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და საერთაშორისო აეროპორტებში. ამ სექტორში მოღვაწე სამ უმსხვილეს კომპანიას გასული წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს, რომელთა მიხედვითაც მათი ჯამური შემოსავლები 2023 წელს 185 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით 47%-ით მეტი იყო. სექტორის შემოსავლების ასეთი ზრდა დაკავშირებულია როგორც აეროპორტებში, ასევე სახმელეთო საბაჟოებზე მომხმარებელთა რაოდენობის მატებით, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი მაღაზიის გახსნით, რომელმაც ოპერირების პირველივე წელს 14 მილიონი ლარის შემოსავალი დააგენერირა.
ATU Georgia
უბაჟო ვაჭრობის სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა ATU Georgia რომელიც თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ოპერირებს. მისმა შემოსავალმა 2023 წელს 84.8 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 16.5 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის შემოსავლის წლიური ზრდა 42%-ია.
კომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 56.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 14.1 მილიონი ლარის, ქუთაისის აეროპორტიდან კი ასევე 14.1 მილიონი ლარის შემოსავალი.
“2023 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის 100%-იან წილს ფლობს თურქეთში რეგისტრირებული „ATU Turizm Isletmeciligi AS“. „ეი თი იუ ტურიზმი“ წარმოადგენს „ტავ ჰავალიმანლარი ჰოლდინგის“ და Gebr. Heinemann SE & CO KG მიერ 54.8%-ით ფლობილი „Unifree Duty Free Isletmeciligi A.S.“-ის ერთობლივ საწარმოს,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
აეროპორტების Duty Free-ში რეალიზებულ საქონელს შორის პირველ ადგილზეა ალკოჰოლური სასმელები და საკვები 51 მლნ ლარი, შემდეგ მოდის სუნამოები და კოსმეტიკა – 29.4 მილიონით, მესამე პოზიციას კი აქსესუაერები იკავებს ₾4 მილიონით.
Duty Free Georgia
Duty Free Georgia საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ოპერირებს. კომპანიას აქვს მაღაზიები სარფში (თურქეთის საზღვარი), წითელ ხიდზე (აზერბაიჯანის საზღვარი), სადახლოში (სომხეთის საზღვარი), ვალეში (თურქეთის საზღვარი), კარწახში (თურქეთის საზღვარი), ნინოწმინდა (სომხეთის საზღვარი).
კომპანია ასევე ოპერირებს საქართველოს საზღვრებს გარეთაც, ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტსა და ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტში.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მისი შემოსავლები 70%-ით, 53.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 11.6 მილიონ ლარს შეადგენდა. ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლის ნახევარზე მეტი – 31.2 მილიონი ლარი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული მაღაზიიდან გენერირდება. მეორე ადგილზეა სადახლო 10.8 მილიონი ლარით, შემდეგ ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონით, მეოთხე ადგილზეა კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტი 2.2 მილიონი ლარით, მეხუთეზე კი ნინოწმინდა ₾1.5 მილიონის შემოსავლით. ასევე 1.5 მილიონი ლარი იყო კომპანიის შემოსავალი ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტში მდებარე მაღაზიიდან. ვალეს საბაჟოზე არსებული Duty Free პუნქტის შემოსავალი კი 1.4 მილიონი ლარი იყო.
ფინანსური ანგარიშის თანახმად Duty Free Georgia-ს მთავარი აქციონერები არიან აბდულქადირ ქეთენჯი (75%) და შამშე კალანდაძე 25%-ით.
კომპანიის გაყიდვების 61% მოდის თამბაქოს ნაწარმზე, 29% ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე, კოსმეტიკასა და პარფიუმერიაზე 5%, ტკბილეულზე კი 3%.
Duty Free Alliance
Duty Free Alliance-ი საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ოპერირებს, კომპანიას აქვს მაღაზიები ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი), სარფის, წითელი ხიდისა და ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, Duty Free Alliance-მა 2023 წელს 46.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 34%-ით მეტი იყო. კომპანიის მოგებამ 8.2 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანიის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი – 22 მილიონი ლარი სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე მდებარე მაღაზიიდან გენერირდება, მეორე ადგილზეა სარფის საბაჟოზე არსებული მაღაზია 11.5 მილიონი ლარით, მესამეზე კი ყაზბეგის საბაჟოზე არსებული Duty Free 8 მილიონი ლარის წლიური გაყიდვებით.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის 100%-ის მფლობელია კვიპროსში დაფუძნებული „ოსკარია ინვესთმენთს ლიმითედი” კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა ერთი ფიზიკური პირი არტურ გრანტსი.
კომპანიის გაყიდვების 53% ალკოჰოკლურ სასმელებზე მოდის, 22% თამბაქოს ნაწარმზე, 15% კი სუნამოების რეალიზაციაზე.