რომელი კომპანიები ახორციელებენ მსხვილ პროექტებს აბასთუმანში და ვინ დგას ამ კომპანიების უკან

ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მასშტაბური პროექტების განხორციელების პირობით აბასთუმანში სახელმწიფო ქონება იყიდეს, 2025 წლიდან სააქციო საზოგადოება „ტერას“ და ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დარეგისტრირდნენ. ორივე კომპანია ს დაფუძნებულია.
კურორტ აბასთუმანში ბოლო წლებში სახელმწიფო და კერძო ქონება იყიდეს და მშენებლობის ნებართვები მიიღეს ასევე „ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა. ამ კომპანიების დამფუძნებლები „ოცნების“ მხარდაჭერას მსხვილი ფულადი შეწირულობითაც გამოხატავენ.
ამ სტატიაში გიამბობთ, რომელი კომპანიები ახორციელებენ მსხვილ პროექტებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე და ვინ დგას ამ კომპანიების უკან.
· „პანორამა აბასთუმანი“
შპს „სანაპიროს ხედი“, რომელიც აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებს, ახალმა მფლობელმა დაირეგისტრირა. კომპანიას ოფშორში, კერძოდ პანამაში დაფუძნებული „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი“ ფლობდა, როცა სახელმწიფოსგან აბასთუმნის ყოფილი ტუბდისპანსერის შენობა და მასთან დაკავშირებული ორი მიწის ნაკვეთი შეისყიდა.
2025 წელს კომპანიის მფლობელი შეიცვალა და ახლა შპს „სანაპიროს ხედის“ ასივე პროცენტს სააქციო საზოგადოება „ტერა“ ფლობს. „ტერა“ ბიძინა ივანიშვილმა 2008 წელს დააფუძნა.
აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის შენობა, ფალიაშვილის ქუჩა #40-ის მიმდებარედ და მიწის ნაკვეთები 2 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს. ტუბდისპანსერის შენობა და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთები ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს პირობიანი აუქციონით გაყიდა.
კომპანიამ მიწის ნაკვეთები და შენობა ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა და აქ აშენებულ ახალ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის – „პანორამა აბასთუმანის“ გახსნას გეგმავს.
ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, ქონების ნაწილზე არაუმეტეს ორი საცხოვრებელი სახლის ან სასტუმროს მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, ხოლო პროექტები არაუმეტეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულიყო.
გარდა ამისა, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, საპრივატიზებო ქონება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონებად გამოაცხადეს. ამ პერიოდში გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებაც, ანუ მას შემდეგ, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.
ქონება, რომლის საწყისი ფასი 3 მილიონ 485 ათასი ლარი იყო, შპს „სანაპიროს ხედმა“ 3 მილიონ 540 000 ლარად შეისყიდა.
ამ ნაკვეთის მიმდებარედ კომპანიამ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, 4563 კვ.მეტრი დაირეგისტრირა 2020 წელს, საჯარო რეესტრის მონაცემებით აქ აშენებულია სახლი, რომლის ფართობიც 212 კვ.მეტრია. ნაკვეთს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული და ასევე დაურეგისტრირებელი ფართობები ესაზღვრება.
· „პარაგრაფი აბასთუმანი“
აბასთუმანში ყოფილ სანატორიუმ „ცისარტყელას“ ტერიტორიაზე 2 ჰექტრამდე [18 545 კვ მეტრი] ფართობზე სასტუმროს შპს „ცისარტყელა“ აშენებს. კომპანია ტურიზმის განვითარების ფონდს ეკუთვნის, რომლის ასი პროცენტიც ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა.
„ქართუ“ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია.
როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, შპს „ცისარტყელამ“ ყოფილი სანატორიუმის ტერიტორია 2018 წელს უპირობო აუქციონით იყიდა და 1,8 ჰექტარ ფართობზე სასტუმრო „პარაგრაფ აბასთუმანს“ აშენებს.
აბასთუმანი, მონიშნულია შპს „ცისარტყელას“ ტერიტორია ასათიანის ქუჩაზე
აბასთუმანში, შპს „სანაპიროს ხედის“ უკვე თითქმის დასრულებული პროექტის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები შეისყიდა და მშენებლობა დაიწყო შპს „ემერალდმა“ – ამ კომპანიის ასივე პროცენტი „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.
„ემერალდი“ 2018 წელს ირაკლი კაცაძეს დაუფუძნებია, მალევე მან კომპანია „ქართუ ჯგუფს“ სიმბოლურ ფასად, 100 ლარად მიჰყიდა, მანამდე კი ელექტრონულ აუქციონზე აბასთუმანში შეისყიდა მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ, რომლის ფართობიც 3000 კვ.მეტრზე მეტია.
აბასთუმანი. მონიშნულია შპს „სანაპიროს ხედისა“ და „ემერელდის“ ტერიტორიები ფალიაშვილის ქუჩაზე
აბასთუმანში მშენებლობა უკვე დაასრულა „აბასთუმანი 2019-მა“. კომპანია ფალიაშვილის ქუჩაზე ფლობს მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობიც 582 კვ.მეტრია.
2019 წელს ეს ქონება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას, „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელს“ ეკუთვნოდა, 2025 წლიდან კი ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოება „ტერას“ საკუთრებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია აბასთუმანში, ფალიაშვილის #24-ში, საპატრიარქოს ქონებასთან ახლოს, 5000 კვ.მეტრზე მეტ ფართობს ფლობს.
შპს „აბასთუმანი 2019“- ის ტერიტორია
· ლაშა პაპაშვილის პროექტები აბასთუმანში
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანიები აბასთუმანში 2 სამშენებლო პროექტს ასრულებენ.
შპს „სასტუმრო პოეტი“ აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე, სასტუმროს აშენებს, კომპანიის საკუთრებაშია 7823 კვ. მეტრი ფართობი. გარდა ამისა, აბასთუმანში ლაშა პაპაშვილის სხვა კომპანია -„სამეფო აბასთუმანი“ ამავე ქუჩაზე კიდევ ერთ კომპლექსს ასრულებს. აქ პაპაშვილის კომპანია 8374 კვ.მეტრ ფართობს ფლობს.
ლაშა პაპაშვილის კიდევ ერთი კომპანია შპს „აღობილი“ აბასთუმანში, „აღობილის დასახლებაში“ 7 ჰეტარზე მრავაფუნქციური ობიეტის გახსნას გეგმავს, მშენებლობა თითქმის დასრულებულია.
„აღობილი“
გარდა ამისა, ლაშა პაპაშვილი აქ ძველი აბანოების აღდგენის პროექტს ახორციელებს.
შპს „სასტუმრო პოეტისა“ და შპს „სამეფო აბასთუმნის“ მიწის ნაკვეთები და მიმიდნარე პროექტები აბასთუმანში
ლაშა პაპაშვილი არის ბიზნესმენი, რომელსაც უკავშირდება „სკინტლის სკანდალი“ – პაპაშვილის საწარმო „ყვარლის ბაგაში“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა. მის საწარმოში ყიდულობდნენ რძეს კომპანიები: „აგროჰაბი“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“. ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.
ლაშა პაპაშვილის მშენებარე პროექტთან ახლოს ასათიანის #2-ში 6168 კვ მეტრ ფართობს ფლობს თემურ ბიწაძე, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის შვილი და „ალიანს ჯგუფთან “ დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის მფლობელია. თემურ ბიწაძე, ისევე როგორც კომპანიის პარტნიორები „ოცნების“ შემწირველები არიან.
თემურ ბიწაძის მიწის ნაკვეთი
· „აჭარა ჯგუფი“ აბასთუმანში
ცენტრალური დასახლებისგან მოშორებით, აბასთუმნის წიწვოვანი ტყის შუაგულში სანატორიუმ „არაზინდოს“ ტერიტორიაზე „აჭარა ჯგუფმა“ სასტუმროს მშენებლობა დაასრულა და აქ „რუმსის“ კომპლექსის გახსნას გეგმავს. პროექტს შპს „არაზინდო“ ახორციელებს, კომპანიას კი „აჭარა ჯგუფი“ ფლობს.
სანატორიუმი „არაზინდო“ 1924 წელს აშენდა და მთელს კავკასიაში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სამკურნალო და დასასვენებელი ადგილი იყო. „რუმს აბასთუმანი“ რიგით მეხუთე სასტუმრო იქნება „რუმსის“ ბრენდის ქვეშ – ყაზბეგის, თბილისის, ბაკურიანის და ს შემდეგ.
ყოფილი სანატორიუმი „არაზინდო“ აბასთუმანში საქართველოს მთავრობამ 2021 წელს პირდაპირი წესით გაყიდა, განკარგულება ყოფილი სანატორიუმის გასხვისების თაობაზე გამოსცა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ განკარგულებებს არ ასაჯაროებდა, ცნობილი არ არის, ზუსტად რა ფასად გაყიდა მთავრობამ ქონება.
„აჭარა ჯგუფი“-ს ტერიტორია აბასთუმანში
შპს „არაზინდოს“, ისევე, როგორც „აჭარა ჯგუფის“ სხვა კომპანიებს, ოთარ ბერიშვილი ხელმძღვანელობს, „აჭარა ჯგუფი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები კი ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის. ოთარ ბერიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის მეუღლეა.
აბასთუმანში მიწის ნაკვეთს ფლობს შპს „ოცხე 2020“, რომელსაც ეს ნაკვეთი სამშენებლოდ 2020 წელს ელექტრონულ აუქციონზე შეუძენია. კომპანიის მფლობელი შპს „ზიმოს“ თანამფლობელი და „ქართული ოცნების“ შემწირველი ზურაბ კიკნაძეა. „ზიმო“ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობს და მაღალბიუჯეტიან ტენდერებს იგებს.
აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე მიწის ნაკვეთს ფლობს და ვილებს აშენებს ზურაბ კიკნაძის კიდევ ერთი კომპანია „ვილა აბასთუმანი“. კომპანია აქ 5000 კვ.მეტრ ფართობზე მეტს ფლობს.
შპს „ვილა აბასთუმანის“ ტერიტორია
„ვილა აბასთუმნის“ 25 პროცენტს ზურაბ კიკნაძე ფლობს, მეწილეები არიან ასევე დავით ბალანჩივაძე – 51%, დიმიტრი დუგლაძე – 7% და ვახტანგ კარიჭაშვილი – 17%. დავით ბალანჩივაძეს ვილებთან ახლოს 1535 კვ.მეტრ ფართობზე ორსართულიანი შენობაც აქვს დარეგისტრირებული.
დავით ბალანჩივაძე „ოცნების“ მხარდამჭერია. 2016 წლიდან დღემდე მან „ოცნებას“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირა. წლების განმავლობაში ის რამდენიმე მაღალბიუჯეტიან კომპანიას ხელმძღვანელობდა, ეს კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი სს RMG Gold-ის წილების მფლობელია.
დავით ბალანჩივაძის შეწირულობები „ოცნებას“
„არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს შენადნობს. „არემჯის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები.
RMG Gold ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საყდრისი ააფეთქა
„ვილა აბასთუმნის“ 17-პროცენტიანი მეწილე ვახტანგ კარიჭაშვილი საქართველოში 20-ზე მეტ კომპანიას ფლობს, მათ შორის არის შპს „მელიქიშვილი ინნ“, სადაც წილებს ივანიშვილის დეიდაშვილთან – უჩა მამაცაშვილთან ინაწილებს. პარტნიორები კომპანიის 50-50 პროცენტს ფლობენ. კომპანია თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის #5-ში, სასტუმროს აშენებს.
„ვილა აბასთუმნის“ კიდევ ერთი მეწილე, დიმიტრი დუგლაძე შპს „ვორლდ ვინტნერს ჯორჯიას“ თანამფლობელი და შპს „ინვესტმენტ-სპოტ“ – ის 100 პროცენტის მფლობელია.
შპს „თი ქეი ვენჩერსი“ აბასთუმანში 3625 კვ.მეტრს ფლობს კომპანიამ აქ ვილები ააშენა. კომპანია ლუიზა დოლიძეს ეკუთვნის, დირექტორი გოჩა მურუსიძეა. ლუიზა დოლიძე ფლობს ასევე შპს „წყნეთი რიალ ისთეითის“ ასივე პროცენტს.
აბასთუმანში, შპს „სამეფო აბასთუმანის“ მიმდინარე სამშენებლო პროექტის მიმდებარედ 8000 კვ.მეტრზე მეტს ფლობს შპს „პარკ ჰოტელი“. ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელია მარიკა უგრეხელიძე. ის რამდენიმე ათეული კომპანიის მფლობელია, მათ შორის არის შპს „დიზონ სასტუმროები“.
შპს „პარკ ჰოტელ“ – ის ნაკვეთი
2025 წლის სექტემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აბასთუმანში სახელმწიფო პროექტების გაგრძელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ კურორტის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭიროა ახალი ეტაპის დაწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არქიტექტორების ჩართულობით, იწყებს კურორტის განვითარების მომდევნო ეტაპისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვაზე მუშაობას.
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მთავრობის დაფინანსებით აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. 2018 წლიდან დღემდე საჯარო უწყებებმა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტები ასობით მილიონი ლარით დააფინანსეს, ამ პროექტებთან დაკავშირებული შესყიდვების ფარგლებში სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტების უმეტესობა კი „ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge