„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ინიციირებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც რიგ დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირს, სასჯელის მოხდის მიუხედავად, შესაძლოა ქვეყნიდან გასვლა შეეზღუდოს.
„ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ კანონპროექტი მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის საქმით არის ინსპირირებული და მიზნად ისახავს დაზარალებულთათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას.
ცვლილებები შედის ხუთ კანონში: „სისხლის სამართლის კოდექსში“, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „სააღსრულებო წარმოებათა“ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების“ შესახებ კანონებში.
საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
· დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდადებულისგან/განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი მიადგა კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული ქონებრივი დანაშაულებისთვის;
· მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდადებულის/განრიდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას;
· ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს მისცემს ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო ნათესავისგან, ასევე დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).
· ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე.
სისხლის სამართლის კოდექსში ინიციირებული ცვლილებებით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ დამნაშავე თავს აარიდებს დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, საქართველოდან გასვლის აკრძალვის საფუძველია:
· ქურდობა დიდი ოდენობით
· ძარცვა დიდი ოდენობით
· ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით
· თაღლითობა დიდი ოდენობით
· გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით
· მითვისება ან გაფლანგვა დიდი ოდენობით
· განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
· ქონებრივი დაზიანება მოტყუებით დიდი ოდენობით
· ნივთის დაზიანება ან განადგურება
· საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობა
· მომხმარებლის მოტყუება დიდი ოდენობით
· კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება
· ძეგლებისა და სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა
· სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება
საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით: ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის — 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის — 12 წელი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის — 16 წელი.
ამ თემაზე:
ეკონომიკურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი ქვეყანას ციხის მოხდის შემდეგაც ვერ დატოვებს — ინიციატივა
