რომან გოცირიძე უმრავლესობას – აკრიტიკეთ იდეა, მოთხარეთ, დამარხეთ, მაგრამ ნუ გადადიხართ პერსონალურ შეფასებაზე – ვიღაც ცაგარეიშვილი, რომელსაც ეძახდნენ „მტირალა გაიშნიკს“, ახლა გამოდის ვაჟკაცურად და პერსონალურად მეხება

როგორც გინდათ აკრიტიკეთ იდეა, მოთხარეთ, დამარხეთ მიწაში, მაგრამ იდეიდან ნუ გადადიხართ პერსონალურ შეფასებაზე, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა მ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც რომან გოცირიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციის გულისხმობს.
კერძოდ, კანონპროექტთან დაკავშირებით გოცირიძის გამოსვლამდე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და გოცირიძის კანონპროექტი გააკრიტიკა, საპასუხოდ კი გოცირიძემ მას „მლიქვნელი“ უწოდა.
ასევე, გოცირიძემ უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, გიორგი ცაგარეიშვილს მიმართა.
„ბატონო გიორგი, არ მინდოდა, მაგრამ ისევ თქვენ გამომიწვიეთ, თქვენ იყავით ერთ-ერთი იმ მლიქვნელთაგან, რომელიც კომიტეტზე აქტიურობდა და რომელმაც ძალიან არაკორექტულად ისაუბრა, მათ შორის პიროვნულად. ბევრჯერ განმიცხადებია და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, როგორც გინდათ აკრიტიკეთ იდეა, მოთხარეთ, დამარხეთ მიწაში, მაგრამ იდეიდან ნუ გადადიხართ პერსონალურ შეფასებაზე. როგორც კი, პერსონალურ შეფასებაზე გადადიხართ,აი, დაგმარხავთ მიწაში – აქედან, მედიიდან, „ვანოს შოუდან“, როდესაც ერთ-ერთი პირადად შემეხო, პოლიტიკური სიუჟეტი მიუძღვენით და პოლიტიკური ჭიაღუა ვუწოდე. აი, ასეთი პოლიტიკური ჭიაღუა იჯდა ახლა,აქ! ჩემი კორექტული გამოსვლა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით [ახსენა] და პერსონალურად უხეშად მომიხსენია. ვიღაც ცაგარეიშვილი, რომელიც აქ იჯდა და რომელსაც წინა პარლამენტიდან ეძახდნენ „მტირალა გაიშნიკს“. ჯერ ეძახდნენ „გაიშნიკს“, მერე „მტირალას, არ ვიცი, რატომ ტიროდა, რატომ იყო „გაიშნიკი“ ვიცი და ყველა, რომ „მტირალა გაიშნიკს“ ეძახის ახლა, გამოდის ვაჟკაცურად და პერსონალურად მეხება“, – განაცხადა გოცირიძემ.
მანამდე „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა, რომ გოცირიძის თავის გამოსვლით შეურაცხყოფა მიაყენა მეცნიერებათა აკადემიას.
„ბატონო რომან, მეცნიერება თქვენი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. თქვენ, არამხოლოდ ქართულ მეცნიერებას მიაყენეთ შეურაცხყოფა, არამედ კოლეგებსა, იმიტომ, რომ ლაქიები უწოდეთ და ლაქიები მოიკითხეთ თქვენკენ. ამ კანონპროექტში ერთადერთი რამ გაქვთ გაწერილი, როგორ უნდა შეუტიოთ ქართულ მეცნიერებას, როგორ უნდა გაყიდოთ შენობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, როგორ უნდა დატოვოთ შემოსავლის გარეშე ქართველი მეცნიერები. აღარ ვილაპარაკებ იმაზე, საერთოდ ვერ ერკვევით საკითხში ძალიან ბუნდოვანია თქვენ მიერ ჩამოყალიბებული ხედვა. მარტო ის არ არის პრობლემა, რომ ფიზიკურად ნამყოფი არ ხართ, არ იცით რა ხდება მეცნიერებათა აკადემიაში, რა მიღწევებია, რა გამოცემებია და რა სიმპოზიუმები ტარდება“ , – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა და კითხვით მიმართა გოცირიძეს, რას უპირებს მეცნიერებათა აკადემიაში მყოფ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრ სიმპოზიუმს, გამოცემებს და საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზებას უკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ