ძალიან მძიმე, ერთ-ერთი ყველაზე უარესი ანგარიშია, რაც კი ბოლო წლებში გამოქვეყნებულა. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით უკუსვლა აღინიშნება, – ასე შეაფასა „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიში.
გოცირიძის შეფასებით, “ფაქტობრივად, ქვეყანა ნელ-ნელა, მცოცავი სახით უახლოვდება ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას.”
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” თავი როგორც არ უნდა იმართლოს, ვერ ჩამოიცილებს იმ იარლიყს, რომელიც დღეს მას საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართველმა ხალხმა მიაწება.
“ძალიან მძიმე, ერთ-ერთი ყველაზე უარესი ანგარიშია, რაც კი ბოლო წლებში გამოქვეყნებულა. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით უკუსვლა აღინიშნება. დემოკრატიის პროცესის გაუარესება, სასამართლო სისტემაში არსებული “კლანის” მომზადება და ა.შ.
ფაქტობრივად, ქვეყანა ნელ-ნელა, მცოცავი სახით უახლოვდება ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს ამ ქვეყანას არ წაადგება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
“ქართული ოცნება” თავს იმართლებს, რომ თურმე ეს ინფორმაციები სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე იქნა მოძიებული. სულელი უნდა იყო ადამიანი, რომ ეს განაცხადო. ვინაიდან ახლა, აშშ-ის მთავრობას უჭირს რეალური ინფორმაციის გაგება 21-ე ტექნოლოგიურ საუკუნეში, როდესაც არსებობს უამრავი ღია წყარო, ამერიკის საელჩო საქართველოში, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და თურმე შეცდომაში შეჰყავს ასეთი გიგანტური სახელმწიფოს მთავრობა ე.წ ენჯეოებს, რომლებსაც აგენტებად მოიხსენიებენ და რომელთა რეპრესიისთვის, იღებენ ამ კანონს. როგორც არ უნდა იმართლოს თავი “ქართულმა ოცნებამ”, ვერ ჩამოიცილებს იმ იარლიყს, რომელიც დღეს მას საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართველმა ხალხმა მიაწება. ეს ხელისუფლება ანტიდასავლურია და ემსახურება რუსეთის ინტერესებს – ეს არის ამ კვლევის საბოლოო შედეგი”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიების კუთხით ნაბიჯები გადადგა, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.
ამასთან, ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ.