: საოცნებო მთავრობამ მადლობა უნდა გადაუხადოს “ფორმულას” ჰაკერული თავდასხმის აღმოჩენისათვის. “გაზპრომის” მეტი (ანუ რუსეთის სუსი) ამას ვინ ჩაიდენდა?

კომიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სუსმა განცხადება გაავრცელა, მთავრობის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და ამიტომ გაჟონა “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილმაო.
ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ შეცდომა, შეთქმულების თეორიებს ანვითარებენ. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, დიპ სტეიტს დაბრალებენ ყველაფერს😁.
ეს ხელშეკრულება მთავრობის ვებ გვერდზე აიტვირთა 25 დეკემბერს. სანამ სიუჟეტი არ გავიდა სამი კვირის თავზე, სად იყო მთავრობის ადმინისტრაცია, იქაური ე. წ. ოდეერი? სად იყო სუსი, რომელიც ამაყობს, რომ აღვკვეთეთ მისი გავრცელებაო? რა იციან, ამ ორი კვირის განმავლობაში რამდენმა ადამინმა ნახა ეს მასალები? იმასთან როგორ აღკვეთა, ვინც ვებგვერდი “გატეხა”?
რომ არ შეემჩნიათ “ფორმულას” ჟურნალისტებს ეს ფაქტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან მთავრობის განკარგულებებს პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე, ვერც ვერავინ გაიგებდა და ასე იქნებოდა ჩამოკიდებული ღიად ეს განკარგულება.
“ფორმულა” მოიქცა მაღალპროფესიულად და პატრიოტულად. ყოველი შემთხვევისთვის ( “გაზპრომს”რომ არ ესარგებლა), მთავრობის მასალები იმ ფორმით აჩვენა ( ე. წ. დაბლარვა), რომ იქ არაფერი გამოჩენილიყო. ამ ანონსიდან გაიგო სუსმა მომხდარი ფაქტი და დაიწყო რეკვა მედიაში თხოვნით, რომ ინფორმაცია ( ანუ “გაზპრომის” გაზის ფასი) არ გამხდარიყო საჯარო. რომც გაევრცელებინათ რას იზამდნენ? ვერსფერსაც, რადგან თავად მთავრობამ გაასაჯაროვა ოფიციალურად.
ვურჩევ მთავრობას და სუსს, შეეშვან პოლიტიკურ ბოდვას და ნუ ჩართავენ დიპ სტეიტებს და ჯაშუშებს ამ საქმეში. ერთადერთი გამართლება ამ განცხადებას ექნება მაშინ, თუ ეს არის თავის მართლება გაზპრომის წინაშე, რათა არ წამოიწყოს სასამართლო დავა კონფიდენციალობის დარღვევის კუთხით. რომც წამოიწყოს, “გაზპრომი” ვერ დაამტკიცებს, რომ რაიმე ზიანი მიადგა. გაზის ფასი ყველამ ისედაც კარგად იცის, მედიაშიც არაერთხელ ყოფილა ნახსენები. მის სიდიდეს მესამე კლასელი ბავშვიც კი გაიანგარიშებს: ვიცით, თუ რა მოცულობის გაზს ვყიდულობთ რუსეთიდან (საჯაროა), ვიცით რამდენი გადაუხადა საქართველოომ რუსეთს გაზის შესაძენად (საჯაროა), ერთს გაყოფ მეორეზე და მიიღებ ფასს.
სჯობია შეეშვან ამ თემას და “ჰაკერების” ძებნას. რაც მეტს იფართხალებენ ობობასავით, მით უფრო გაეხვევიან მახეში, “გაზპრომის” მახეში.
p.s. საოცნებო მთავრობამ მადლობა უნდა გადაუხადოს “ფორმულას” ჰაკერული თავდასხმის აღმოჩენისათვის. “გაზპრომის” მეტი ( ანუ რუსეთის სუსი) ამას ვინ ჩაიდენდა?