რომან გოცირიძე ნათია თურნავას – წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო – რაღაცას თეთრი ძაფით რომ კერავთ, ცოტა შავი მაინც შეურიეთ

წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო. რაღაცას რომ თეთრი ძაფით კერავთ, ცოტა შავი მაინც შეურიეთ, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.
დეპუტატი გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, სადაც 150 000-ზე მეტი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ამასთან რომან გოცირიძემ „ლიბერთი ბანკზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ბანკი არის ხელისუფლების პროპაგანდისტი პირის მიერ დაფუძნებული, რომელიც ძარცვავს პენსიონერებს“.
„პენსიონერებზე ზრუნვისთვის ნიანგის ცრემლები გადმოღვარეთ. რომ არა ინტერპელაცია, რომ არა ალეკო [ელისაშვილი], რომ არა სხვები, ვინც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიბარა ეს საკითხი კიდევ ათი წელი იქნებოდა გადაუწყვეტელი. წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო. რაღაცას რომ თეთრი ძაფით კერავთ ცოტა შავი მაინც შეურიეთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოდის აქ, დაიბარეთ მთავრობაში და პრემიერ-მინისტრმა, ეროვნულმა ბანკმა და ვიღაცამ მოაწყვეს იქ ყრილობა, მოსახლეობა გაახარეს, რომ თურმე იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხი 2023 წლამდე ჰქონდათ აღებული [სესხის პროცენტი შეუმცირდებათ]. ესეც ვერ გაითვალისწინეთ, 15 მილიონს რომ აძლევდით, რატომ არ გაითვალისწინეთ ეს 150 000 ადამიანი, რომლებსაც ძველი სესხებით ძარცვავდნენ?! თურმე, რა ჰუმანურები ყოფილხართ, დღეიდან მოყოლებული ამ 150 000 პენსიონერს ისეთივე 26%-იანი პენსია ექნება, როგორც ჰქონდათ დანარჩენ პენსიონერებს და ეს დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადეთ. ვეთანხმები ქალბატონ ხატიას, დათვალეთ და 15 მილიონიდან, რასაც ბიუჯეტიდან აძლევთ საქართველოს ბანკს დაუბრუნეთ ამ 150 000 პენსიონერს, დაუბრუნეთ ის ზედმეტი ფული, ის განსხვავება, რაც სხვა პენსიონერთან შედარებით მათ გადაიხადეს სესხის მომსახურებაში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ