მას შემდეგ, რაც სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ნოღაიდელს შორის დაპირისპირება მოხდა, ბევრი, მათ შორის მიშას მომხრეები კითხულობენ, თუ ასეთი იყო, რატომ დანიშნა მაშინ პრემიერ-მინისტრად. მიშას პასუხი იყო, რომ მის დანიშვნას დაჟინებით მოითხოვდნენ ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები. ეს ამბავი, კარგად მოგეხსენებათ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხდებოდა.
მინდა ნათელი მოვფინო ამ საკითხს და მოგითხროთ ჩემი თვალთახედვიდან დანახული ეს ისტორია.
მიშაზე დიდი მორალური ზეწოლა იყო. თავად ძალიან მძიმედ განცდიდა ზურას სიკვდილს. მე არ შევსწრებივარ, მაგრამ მომისმენია იმ ადამიანებისაგან, ვინც ყოველდღიურ ურთიერთობაში იყო მიშასთან, თუ როგორ თავზარდაცემული იყო და ცხარე ცრემლებით ტიროდა ზურას დაღუპვას.
ჯერ ადამიანი დასაფლავებული არ იყო და გაჩნდა ჭორები, თითქოს გაზისგან კი არ მოიწამლა, არამედ მოკლეს და შემდეგ იმ ბინაში გადაიტანეს. ამ ჭორებს მაშინდელი ოპოზიცია და პატარკაციშვილის მედია ავრცელებდა. შემდეგაც ბევრი სუსულელე იწერებოდა და უკვე ივანიშვილის გარემოცვა უწყობდა ხელს მსგავსი ჭორების აგორებას. ისეთი აბსურდული ვერსიებიც კი ვრცელდებოდა, რომ თურმე საფერფლე ჩაარტყა მიშამ თავში და შემოაკვდა. დღეს ზურაბ ჟვანია ამ ადამიანებიდან არავის ახსოვს. ხელისუფლებაში მოსასვლელად იყენებდნენ მაშინ, ისევე როგორც ცოცხების დადგულ სცენებს და ჩვილი ბავშვის, რაფალიანცის სიკვდილს.
მაშინ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მათ შორის ივანიშვილის გარემოცვამაც, სადაც ვასილ მაღლაფერიძეც იგი გადაბარგებული. იგი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი იყო წლების განმავლობაში და ახლა პროპაგანდისტული საზოგადოებრივი მაუწყებლის უფროსია. სწორად შეახსენა ნოღაიდელს მიშამ სასამართლოზე, რომ სადაც ზურაბ ჟვანია მოკვდა, ის ბინა ვასილ მაღლაფერიძემ უქირავა. იგი ფარული პოლიტიკური შეხვედრების ადგილი იყო. მაშინ მაღლაფერიძე პარლამენტის წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან, შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.
დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს. როგორც აღვნიშნე, მიხეილ სააკაშვილი განიცდიდა დიდ მორალურ და პოლიტიკურ წნეხს.
ნოღაიდელის დაანიშვნას ითხოვდა პარლამენტში ზურაბ ზჟვანიას გუნდი, რომელიც საკმაოდ მძლავრად იყო წარმოდგენილი და მნიშვნელოვანი საპარლამენტო პოსტები ეკავათ. დეპუტატების დიდი ნაწილი ნეიტრალური იყო. რასაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა იტყოდა, ეს მათთვის კანონი იყო.
ვინ იყო წინააღმდეგი: მაჟორიტარების ფრაქცია, რომლის თავმჯდომარე იყო ბესო ჯუღელი და რამდენიმე დეპუტატი, რომლებსაც მიშასთან მეგობრობა გვაგაკავშირებდა, მათ შორის ვიყავი მეც.
იმ ღამეს, როცა უნდა გადაწყვეტილიყო პრემიერ- მინისტრობის კანდიდატობის საკითხი, მივედით მიშასთან მე და ბესო ჯუღელი. რამდენიმეს კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის კარგი დიპლომატის, ვალერი ჩეჩელავილის (რომელიც შემდეგ ფინანსთა მინისტრი გახდა). რადგან სასამართლოზე მიშამ ეს გვარი ახსენა და ალბათ იმიტომ ახსენა, რომ იგი ნომერ პირველი კანდიდატი იყო, სხვა გვარებს არც მე დავასახელებ.
სანამ მიშასთან კაბინეტში შევიდოდით, იქედან იგივე საკითხზე მყოფი კოტე კემულარია გამოვიდა. გვითხრა, რომ დაგველოდებოდა. იცოდა, რომ სამივეს ერთი და იგივე პოზიცია გვქონდა. მე და ბესო კატეგორიული წინააღმდეგი წავედით ნოღაიდელის დანიშვნაზე. მიშამ მოგვისმინა და გვითხრა, რომ არ წავსულიყავით და მისაღებში დავლოდებოდით. როცა გამოვედით, კარებთან ნოღაიდელი იდგა. ჩვენს შემდეგ იგი შევიდა. დიდხანს არ ყოფილა. გამოვიდა მიშა და გვითხრა წავიდეთ, სხვაგან ვისაუბროთო. დაგვპატიჟა ღომზე რიყეზე მეგრელებში. იქ უყვარდა ხოლმე ვახშმობა. გზაში შემოგვიერთდა ირაკლი ოქრუაშვილი. თუ მახსოვრობა არ მღალატობს, ზურაბ ადეიშვილიც იყო. მიშამ გვითხარა, რომ ნოღაიდელი უნდა დაენიშნა და აგვიხსნა, თუ რატომ. საკმაოდ დამაჯერებელი იყო მისი არგუმენტები.
რაც შეეხება ნოღაიდელს, არავითარი პირადული მის წინააღმდეგ არ მამოძრავებდა. მე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრი. მშვენიერი თანამშრომლობა გვქონდა. იმ დროისათვის მსოფლიოში საუკეთესო საგადასახადო კოდექსი შევქმენით. მანამდე ის ფინანსთა მინისტრი იყო შევარდნაძის მთავრობაშიც, მე კი იმ დროს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი. ეს დაწესებულება იყო ყველაზე მძიმე და არასასურველი ოპონენტი აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. მაშინაც კორექტული ურთიერთობა გვქონდა. მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ნოღაიდელი იყო კარგი ფინანსთა მინისტრი.
ჩვენი ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დავინიშნე. მოინდომა ჩემს საქმეებში ჩარევა, ლობირებდა რამდენიმე ბანკს და მოურიდებლად ეწეოდა პირადი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. დეტალები ძალიან შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ერთი მაგალითი კმარა ჩემი არგუმენტის დასასაბუთებლად: ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია საქართველოში, გარდა თელასისა, მთელი ქვეყნის ელექტროგამანაწილებელი ქსელი ეკუთვნის მას და მის უცხოელ პარტნიორებს, მათ შორის შენიღბული ფორმით რუსებს.
ნოღაიდელთან დაკავშირებით ორჯერ თუ სამჯერ მქონდა მიშასთან საუბარი, ერთხელ საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებზე, მეორეჯერ პოლიტიკურზე.
ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ ნოღაიდელი იყო კარგი პრემიერ-მინისტრი, ყველაზე უკეთესიც კი ვინც ვარდების რევოლუციის შემდეგ ყოფილა. ვუთხარი, რომ ის არის ასარასაიმედო ყველა თვალსაზრისით. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ პირსისხლიან პუტინს ეახლებოდა. თუ აქამდე დაეშვებოდა არც კი მიფიქრია. რაც ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი გახდა, იგი მეთოდურად ამყარებდა პირად კონტროლს ძალიან ბევრ სფეროზე, ნიშნავდა საკუთარ კადრებს და სერიოზულად იმტკიცებდა პოლიტიკურ პოზიციებს, მათ შორის ბიზნეზე გავლენის თვალსაზრისით, სადაც პირადი ინტერესები არც თუ ბოლო ადგილზე იყო. რა მიპასუხა მიშამ და როგორ წარიმართა ეს საუბარი, ამის მოყოლა არ იქნება კორექტული. მისი აზრი რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე.
მიშა ოდესის გუბერნატორი იყო. ვარშავაში დაგვპატიჟა რამდენიმე ადამიანი ფეხბურთში ევროპა ლიგის ფინალზე, სადაც დონეცკის შახტარი თამაშობდა. მაშინ პოროშენკოსთან მეგობრობდა და მასთან ერთად ესწრებოდა თამაშს.
იმ დღეს, ვახშამზე გავიხსენეთ რა ბევრი აქაურ-იქაური ამბები, მიშამ ხმამაღლა თქვა, რომ აბსოლუტურად ზუსტი ვიყავი ნოღაიდელის შეფასებაში და ასევე ზუსტი პროგნოზებში. მერე ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ერთ თემაზე ჩემი სხვა პროგნოზის სიზუსტეც შევახსენე. ამ დროს, როგორც იცის თქმა, აბა,აბა ახლა გაჩერდი, ამ თემაზე ჩემთან არასდროს გისაუბრიაო:)) ყველა წვრილმანი ახსოვდა, ყველა დეტალი და ასეა ალბათ ახლაც. შენიშვნა სწორი იყო. იმ საკითხზე ბევრჯერ მისაუბრია სხვებთან და რატომღაც მეგონა, რომ მასთანაც მქონდა განხილული. ისიც ზუსტად ახდა.
როცა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო, ორიოდე კვირაში ოცნების ბანაკში ისეთი ადამიანებიც კი გადაბარგდნენ, რომლებსაც მიშამ არა თუ პოლიტიკური და არაპოლიტიკური კარიერა შეუქმნა, არამედ სიცოცხლეც შეუნარჩუნა.
წინა ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ რუსულ რეჟიმს ემსახურებიან, ბევრად უფრო ამორალურები არიან ნოღაიდელის ჩათვლით, ვიდრე “ორიგინალი” ქოცები. დრომ გამოაჩინა მათი ანგარებიანი ბუნება. დრო ყველაზე მკაცრი შემფასებელია.




