რომან გოცირიძე – ზემოქმედების მოხდენა ყოველთვის ხდება და ნუ დავიჯერებთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტში მუშაობას – ყველამ უნდა გამოიყენოს ტრიბუნა, კომისიები, კომიტეტები, ყველაფერში უნდა იყო

სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაში არსებით პრობლემას ვერ ვხედავ – რაში არგო არმონაწილეობამ ოპოზიციას ან რით წააგო უმრავლესობამ?! თუ იდეებს არ გაითვალისწინებენ, რა უდგას წინ, კომისიის შემდეგ დატოვებას?- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ, ევროკავშირის 9 ვალდებულებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებაზე ზემოქმედება შესაძლებელია და ამისთვის ოპოზიციამ ყველა საპარლამენტო მექანიზმი უნდა გამოიყენოს.
„რატომ არ გამოაქვეყნა მთავრობამ სამოქმედო გეგმა, ვერ გეტყვით. ალბათ, იმიტომ, რომ წინასწარი კრიტიკის ეშინოდა, მაგრამ მათი მუშაობის სტილი ასეთია, ანგარიშს არ უწევენ საზოგადოებას და ოპოზიციას. თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა უნდათ, ბუნებრივია, მასაც უნდა შეუთანხმო დოკუმენტი. გამოქვეყნდება და ვნახოთ, როგორ დაიწყება მუშაობა, რა სამუშაო ჯგუფებს შექმნიან, რა როლი ექნება ოპოზიციას და ა.შ. სამუშაო ჯგუფში შესვლა რა პრობლემაა და თუ არ მოგვეწონა ვითარება და ჩვენი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, მისი დატოვება რა პრობლემაა. ვნახოთ, რა სამუშაო ჯგუფები იქნება. თუ იქნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი, რატომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა და რატომ არ უნდა შევთავაზო ჩემი მოსაზრებები? თუ ამას არ გაითვალისწინებენ, საზოგადოება მაინც გაიგებს, რა განსხვავებაა ხელისუფლებასა და ოპოზიციის მიდგომებს შორის. ამიტომ არსებით პრობლემას სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის თვალსაზრისით ვერ ვხედავ, თუმცა, ჯერ ვნახოთ, რა სამუშაო ჯგუფები იქნება და პირადად მე სად დავინახავ ჩემს თავს, რომ თუნდაც, რაღაც ზემოქმედება მოვახდინო. ზემოქმედების მოხდენა ყოველთვის ხდება და ნუ დავიჯერებთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტში მუშაობას. თუ რაიმე ბერკეტია პარლამენტში, ყველამ უნდა გამოიყენოს: ტრიბუნა, კომისიები, კომიტეტები, ყველაფერში უნდა იყო. სადაც ელემენტარული ზემოქმედების საშუალება გაქვს, ყველგან უნდა გამოიყენო ეს ბერკეტი და თუ ვერ გამოიყენებ, მერე ეტყვი ხალხს, რომ არ უნდა ხელისუფლებს ის, რაც ხალხს სჭირდება და რასაც ვთავაზობთ“, – განაცხადა გოცირიძემ.