რომან გოცირიძე – ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმისა, რასაც სჩადის, არ გააჩნია

როდესაც ანტიკორუფციული ბიურო იქმნებოდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მორიგი რეპრესიული აპარატი იქნებოდა – როგორც კი პირველივე შანსი მიეცათ, ის ხელისუფლების სასარგებლოდ და არასამთავრობო სექტორში რეპრესიებისთვის გამოიყენეს, – ასე აფასებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო.
გოცირიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმისა, რასაც სჩადის, არ გააჩნია.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საცეცებს, ასე იყენებს ხელისუფლება.
„ანტიკორუფციული ბიურო პირდაპირ პრემიერს ექვემდებარება – მის ხელმძღვანელს პირდაპირ ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი.
ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ამ ორგანიზაციის ამ ფორმით არსებობა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ, ფაქტობრივად, გადაწყვიტა ის არასამთავრობო ორგანიზაციები დააწიოკოს, რომლის წინააღმდეგაც პროცედურები წამოიწყო – მან საკუთარ ხელში აიღო საგადასახადო სამსახურის, ფინანსური პოლიციის და ყველა მაკონტროლებლის ფუნქცია. კანონის დარღვევით ამ ორგანიზაციებს ფაქტობრივად აჩერებს.
როგორც კი პარტიების ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადავიდა, ნათელი იყო, რომ ნებისმიერ პირს და ორგანიზაციას პარტიულ აქტიურობას მიაკერებდნენ.
ამ ლოგიკით პირველ რიგში ტელეკომპანია „იმედი“ უნდა შეამოწმონ, დააჯარიმონ და გაანადგურონ, რადგან ეს არის რუსული ტელევიზია, რომლის მთელი ფინანსები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მიზანს ეხმარება. გუშინ „იმედის“ დამფუძნებელმა ღიად განაცხადა, რომ ბიზნესში უნდა ვიყოთ, მაგრამ 25 წელია მოგება არ მიგვიღია, რადგან პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევითო – ანუ „იმედში“ ბიძინას ფულს იმიტომ ვხარჯავთ, რომ პოლიტიკურ მომსახურებას ვეწევითო“, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა”, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება