: ამ ხელისუფლების პირობებში ფასების სტაბილურობაზე ოცნება ილუზიაა

ყოფილი დეპუტატი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკანასკნელ პერიოდში სურსათის ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმართული პროცესი არის პროპაგანდისტული კამპანიაა, რომელიც ხორციელდება კანონდარღვევით, რადგან შესაბამისი საფასო რეგულირების უფლება სახელმწიფოს მხოლოდ რამდენიმე დასახელების პროდუქტზე აქვს და მათ შორის სასურსათო ბაზარი არაა, შესაბამისად კომპანიები თავისუფალი ფასდადების პირობებში ოპერირებენ.

“საქართველოში სახელმწიფო სულ რამდენიმე დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე ადგენს ფასებს. ესაა გაზი, ელექტროენერგია, წყალი. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ადგენენ მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების საფასურს, მაგალითად თბილისის მეტროპოლიტენით მგზავრობის ღირებულებას. ეს იყო და ეს. ორი წლის წინ ხელისუფლებამ დააწესა ზედა ზღვარი გარკვეული სახეობის წამლებზე.

ვინ აწესებს ფასებს

მილიონობით დასახელების საქონელზე და მომსახურებაზე? საქონლის მეპატრონე. როგორ ყალიბდება ფასი? ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე.

საქართველოს სიდიდის ქვეყანაში ბაზარზე იყიდება ნახევარ მილიონამდე დასახელების საქონელი, დანიის სიდიდისა და მსგავსად განვითარებულ ქვეყნებში – დაახლოებით 1,5 მილიონი დასახელების. დიდ ინდუსტრიულ სახელმწიფოებში ეს რიცხვი 10 მილიონს აჭარბებს. აქ საუბარია საქონელზე, ფიზიკურ პროდუქტზე, რომელსაც საბაჟო კოდი აქვს. ამაში არ შედის მომსახურება, არამატერიალური პროდუქტი, რომლის სახეობათა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია ცალკე აღებულ ქვეყანაში (5-50 ათასამდე).

საბჭოთა კავშირში, ნემსიდან დაწყებული კოსმოსური რაკეტით დამთავრებული, მილიონობით დასახელების საქონელზე ფასს ადგენდა ფასების სახელმწიფო კომიტეტი. თუ საქმე ვინმეს ჰქონდა, სწორედ მათ ჰქონდათ, თორემ საქართველოს “სემეკი” მხოლოდ სამი დასახელების მომსახურებაზე ადგენს ტარიფს. ამაში წელიწადში 27 მილიონ ლარს ხარჯავს. პარაზიტია, აბა რა არის, ისევე როგორც სხვა მარეგულირებელი კომისიები და ანტიმონოპოლიური სამსახური.

ჰქონდა თუ არა უფლება მთავრობას რეპრესიები წამოეწყო ვაჭრობის ობიექტების მიმართ მაღალი ფასების გამო? არა, რა თქმა უნდა. კომერციულ სუბიექტებს კანონი აძლევს უფლებას თუნდაც ხუთმაგი ფასი დაადოს თავის პროდუქტს. თუ ასე მოიქცევა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მომენტალურად გაკოტრდება.

თუ კომპანიები, რომლებსაც დომინანტური მდგომარეობა უჭირავთ ბაზარზე, წინასწარი გარიგებით აწესებენ არაადეკვატურ ფასებს, ასეთ შემთხვევაში რა ზომებს შეიძლება მიმართოს ხელისუფლებამ? ამისთვის არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური. საქართველოში ამ ფუნქციას ასრულებს კონკურენციის სააგენტო.

კანონიერია თუ არა სუსის მიერ ათეულობით სუპერმარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიის შემოწმება კრიმინალური ქმედებების გამოვლენის მიზნით? არის აბსოლუტურად უკანონო. ხელისუფლების შესაბამის უწყებებს (და არა სუსს) მხოლოდ სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ფასების (თუნდაც ზოგიერთი სახის მედიკამენტების) შემოწმების უფლება შეიძლება ჰქონდეს.

რასაც დღეს ვხედავთ სავაჭრო ობიექტებში შევარდნის სახით, ეს არის პროპაგანდისტული კამპანია და ორიოდე თვეში ყველაფერი ძველ რეჟიმში დაბრუნდება. ფასების ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, კორუფცია, ბიუჯეტის სახსრების ფლანგვა, სახელმწიფო ტენდერებიდან ყოველწლიურად ასეულ მილიონობით ლარის მითვისება. ქსელურ სუპერმარკეტებში ფასები იმ ზომით იზრდება, როგორც იზრდება იმ ნახევარ მილიონამდე საქონელზე და მომსახურებაზე, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. როცა ასე ხდება, ეს ხელისუფლების ბრალია. განტევების ვაცების ძებნით პასუხისმგებლობას სხვებზე ვერ გადააკისრებენ. არც ისინი ბრძანდებიან მამა აბრამის ვაცები. მათი უმეტესობა “ქართული ოცნების” ბიზნეს-კლანის წარმომადგენლები არიან. მათი საჩვენებელი “შემოწმება” მხოლოდ სატელევიზიო ეფექტისთვის სჭირდებათ. ცოტას შეაშინებენ და ამით დამთავრდება ეს კამპანია.

ამ ხელისუფლების პირობებში ფასების სტაბილურობაზე ოცნება ილუზიაა,”- აღნიშნავს რომან გოცირიძე.

წყარო