როდის წარადგენს სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს – არარატ მირზოიანის პასუხი
ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის შეტანის დრო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს აქვს კანონი, რომელიც ავალდებულებს მთავრობას, „მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებას“.
„ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის წარვადგენთ განაცხადს – ეს, შეიძლება, იყოს მომავალ თვეში ან, შეიძლება, მომავალ წელს. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა“, – აღნიშნა მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ევროკავშირთან მუშაობა და მნიშვნელოვნად გააღრმავა ორმხრივი ურთიერთობები.
„ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ უკვე დავიწყეთ ვიზების გამარტივების პროცესი. მჯერა, პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ახალ დოკუმენტზე, დავასრულეთ მუშაობა პარტნიორობის ახალ პროგრამაზე. სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბევრი რამე ხდება და ესეც საინტერესოა. ვხედავთ, რომ სომხეთის მოქალაქეები მოითხოვენ, კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ასევე ვხედავთ გარკვეულ კრიტიკას შესაძლო შეფერხებებისა და ხანგრძლივი პროცედურების, შიდა პროცედურების და ა.შ. გამო“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მალე შეიძლება მოხდეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, თუ მსგავსი შეთანხმება იქნება მიღწეული, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამის პროგნოზირება რთულია.
„თუმცა ორი წელი გონივრული შეფასებაა. ერთიდან ორ წლამდე სრულიად რეალისტური ვადაა“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
