საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, დღეს, 6 თებერვალს, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკრიტიკა სასამართლო სისტემა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა.
„ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას. სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპული მოდელი მოითხოვს სამართლიან სასამართლოს.
„ეკონომიკის გათავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცულობა, თუ პოლიტიკური ძალებისთვის თანასწორი პირობების შექმნა — ყველაფერი სამართლიან, ანუ მიუკერძოებელ სასამართლოზე გადის. სასამართლოზე, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას და ახორციელებს მას, სასამართლოზე, რომელიც იცავს სუსტს ძლიერისგან, დაუცველს პრივილეგირებულისაგან, მართალს ძალადობრივი წნეხისგან“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, მისი თქმით, რეალურად მართავს ქვეყანას, როდის ჩამოაშორებს მურუსიძე-ჩინჩალაძეს სასამართლო სისტემას.