როდის რა სიმძლავრით უნდა ჩავრთოთ გათბობა, რამდენი გრადუსი უნდა იყოს ზამთარში ტემპერატურა სახლსა თუ ოფისში – ენერგოეფექტური რჩევები

„ნორმალურ, ენერგოეფექტურ შენობაში, კედლის ტემპერატურა 4 გრადუსით უნდა განსხვავდებოდეს ოთახის ტემპერატურისგან. თუმცა, თანამედროვე შენობები ამ დონის ვერ არიან“,- ამის შესახებ პროფესორმა, ენერგოეფექტურობის სპეციალისტმა ნანი მეფარიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მან მოქალაქეებს ურჩია გათბობა აცივებისთანავე, დაბალ სიმძლავრეზე ჩართონ, რადგან ეს უფრო ეკონომიურია, ვიდრე დიდი სიცივეების დროს მაღალი სიმძლავრით სისტემის მუშაობა.
„სწორედ მაშინ, წარმოიქმნება კედელზე კონდენსატი, როცა ეს განსხვავება 7 გრადუსი და მეტია, რადგან თბილი ჰაერის ურთიერთქმედება ცივ ზედაპირთან განაპირობებს ამას.
ამიტომ ახლა გათბობის სეზონი იწყება და მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, ზოგიერთი მათგანი ელოდება სანამ ძალიან არ აცივდება, რათა გათბობა, რაც შეიძლება გვიან ჩართოს და იქნებ ნაკლები ხარჯი ჰქონდეს.
ამ დროს პირიქით, სჯობს გათბობა ჩართოთ უკვე აცივებისთანავე, რაც შეიძლება დაბალ დონეზე, რათა კედლები ვერ გაცივდეს. თუ კედლები გაიყინება, გათბობის ჩა დრთვიდან 1-2 დღეა საჭირო იმისთვის, რომ სახლში ტემპერატურა დასტაბილურდეს და გიწევთ მაღალ სიმძლავრეზე ჩართვა.როდესაც დაბალ სიმძლავრეზეა გათბობის ქვაბი ჩართული, წერს ძალიან ცოტას.
ჩართეთ გათბობა მინიმალურ სიმძლავრეზე და დიდი სიცივე რომ დაიწყება, არ დაგჭირდებათ სტრესული პერიოდის გადატანა. ამიტომ ხარჯები არ გექნებათ ბევრი. პირიქით, შეიძლება ნაკლებიც გქონდეთ“,- აღნიშნა ნანი მეფარიშვილმა.
მისივე რეკომენდაციით, საცხოვრებელი შენობებისთვის, მისაღებ ოთახში და ასევე საზოგადოებრივ შენობებშიც კომფორტის ტემპერატურად ითვლება 22 გრადუსი. ეს მაშინ, როდესაც ადამიანი სახლშია და ისვენებს. საძინებელში არ არის ამხელა ტემპერატურა საჭირო. საკმარისია 18-19 გრადუსი, რათა ადამიანმა კარგად გამოიძინოს.
როგორც ენერგოეფექტურობის სპეციალისტი ამბობს, საზოგადოებრივ დაწესებულებებში და სამსახურებში, ხშირად დარღვეულია ჰაერის ტემპერატურის ნორმები.
რაც შეეხება, საოფისე სივრცეს, სკოლებს უნივერსიტეტებს და ა.შ., სადაც ყველაზე დაუცველია ტემპერატურის ნორმები, უნდა იყოს 20 გრადუსი, რათა ადამიანებმა კარგად იმუშაონ.
“ზაფხულში ოფისებში ხშირად უყენიათ კონდიციონერები 17 გრადუსზე. ჩვენთან ნონსენსი ხდება, რადგან ზამთარში უყენიათ ხოლმე 25 გრადუსზე და ზაფხულში 17-ზე. ეს არ არის სწორი და მისაღები. სავაჭრო ცენტრებშიც გამყინვარებაა ხოლმე და მე ზაფხულში ხშირად გამოვსულვარ გარეთ, რადგან მივმხვდარვარ, რომ ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის კარგად არ დასრულდებოდა.
სახლში, რა თქმა უნდა, ადამიანებს ინდივიდუალური სურვილების მიხედვით შეუძლიათ ჰქონდეთ ტემპერატურა, მაგრამ საზოგადოებრივ შენობებში ეს რეგულირდება ნორმებით“,- აღნიშნა ნანი მეფარიშვილმა.
წყარო: bpn.ge