როდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? – კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ…

“იუვენტუსისა” და “ნაპოლის” მატჩი (0:0) სანახავად მოსაწყენი კი გამოდგა, თუმცა ამ ფონზე, სასაუბრო იმაზე მეტი დაგვიტოვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო…
არსებობს სიტუაციები, როცა მწვრთნელს ტაქტიკურ სქემას ფეხბურთელების შესაძლებლობები სთავაზობს და ეს ალბათ ასეც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაა, გადაწყვეტილების მიღებას ამა თუ იმ ზონაში მოთამაშეთა რაოდენობა რომ განსაზღვრავს. მას შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” ორი შოტლანდიელი ნახევარმცველი, მაკტომინეი და გილმორი შეიძინა, იმის შემდეგ ვწერთ, რომ მათ თამაში სურთ. ამავდროულად, მარტივი არც ლობოტკა-ანგისას წყვილის დაშლა იქნებოდა. თანაც, ზელინსკის წასვლის შემდეგ ამის საჭიროებაც თითქოს დგას, მათ
გვერდით მესამე ნახევარმცველი იყოს. როგორც ჩანს, კონტემ ჩათვალა, რომ არსებულ სიტუაციაში შუა ხაზში ფეხბურთელთა რაოდენობის გაზრდა ბალანსსა და კონკურენციაზე კარგი რეაგირება იქნებოდა, რასაც მისი ტაქტიკური სქემა შეეწირა.
იმას მუდამ აღვნიშნავთ, მწვრთნელებს “ბ” გეგმა რომ უნდა გააჩნდეთ და ამ გადასახედიდან მშვენიერია, “ნაპოლის” მწვრთნელისგან საყვარელი 3-მცველიანი ტაქტიკისგან გადახვევა რომ ვნახეთ, მაგრამ ცუდი სხვა კუთხითაა. ერთი ის, რომ თუკი გასულ სეზონში ამბობდნენ, პრეზიდენტ დე ლაურენტისის სურვილს წინ ვერავინ უდგას და გუნდს 4 მცველით ათამაშებენო (მაცარის საყვარელი სქემა ეს არ ყოფილა), ანტონიო ამ ცვლილებებზე თამამად წავიდა. და მეორე მიზეზი იქნებ ცოტა სუბიექტურიც, თუმცა გუნდისთვის მნიშვნელოვნი – გვინდა, მ სტაბილურ ვითარებასა და პარტნიორების პირობებში ითამაშოს და არა მუდმივ ცვლილებებში. ვხედავთ, სტაბილურობამ მისი და ჩაკვეტაძის როგორი დუეტი ჩამოაყალიბა. ისიც გვახსოვს, წინა სეზონში მარცხენა მცველებს მუდმივად რომ ცვლიდნენ, ამას კარგი შედეგი არც გუნდისთვის და არც “კვარასთვის” არ მოუტანია.
ყველა შემთხვევაში, კვარაცხელია მაინც ადრინდელზე განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს და ეს უკვე საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რასაც ნაკრებში ვილი სანიოლი ავალებს, მაგრამ როგორც ტაქტიკის განსხვავება, ასევე თანაგუნდელთა განსხვავებული შესაძლებლობები მის თამაშზეც აისახება. მაგალითად, სამი მცველის პირობებში, ნეაპოლური კლუბი უფრო მეტად ინიციატივას თმობს და შედეგს კონტრშეტევებსა და სივრცეების ათვისებაში ელის, სადაც ქართველი შემტევი თავს მშვენივრად გრძნობს. როცა გუნდში მაკტომინეია, ის ცდილობს, შეტევებში აქტიური მონაწილეოობა მიიღოს, სიტუაციისა და რიტმის კონტროლი სცადოს, ხვიჩას კი სიტუაციურად ფლანგზე გადასვლა დასჭირდეს. სხვათა შორის, ტაქტიკის შესაძლო შეცვლასა და შეტევების წარმართვაში მაკტომინეის როლის გაზრდაზე მაშინ დავფიქრდით, როცა “კალიარისთან” შოტლანდიელი მინდორზე კვარაცხელიას ნაცვლად შევიდა.
რამდენად გაგრძელდება ცვლილება და რას მოიტანს, ამას ერთად ვნახავთ. რაც “იუვესთან” ვნახეთ ეს ტაქტიკური იტალიური დუელი იყო – ნაკლები საგოლე შანსები, კარში დარტყმები… ტურინელთა უპირატესობა პასებსა და ბურთის ფლობაში მაინც საგრძნობი იყო. საფიქრებელია და რა გასაკვირია, რომ ტიაგო მოტამ “კვარაზე” განსაკუთრებით იფიქრა. მასთან ახლოს სავონას დაყენებას, რომელმაც იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში თავი კარგად წარმოაჩინა და ზაფხულის მოსამზადებელ მატჩებში მშვენიერი იყო, წინასწარ არავინ ელოდა.
ჩვენ კი გვინდა, 77-ე ნომრისგან მუდამ დრიბლინგები ვნახოთ, თუმცა ასეთი ჟანრის შეხვედრაში ეს შეუძლებელიც კია. ეს იყო მატჩი, სადაც თითოეულ მოძრაობასა და გადაადგილებსაც თავისი ფასი და ღირებულება გააჩნდა, დასახული მიზნებიდან მცირე გადახვევაც კი, პრობლემას შექმნიდა. კი, კვარაცხელია – ლუკაკუს შემტევმა წყვილმა ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, მაგრამ ამას ის არ განაპირობებს, რომ მათ მცდელობა დააკლეს ან შესაბამისად ვერ იმოქმედეს. ისე კი, მაინც უნდა ითქვას, მიუხედავად წინა შეხვედრაში შედეგიანობისა, ლუკაკუ ჯერ არც იდეალურ ფორმაშია და ასაკი მის ძველ თამაშს ხელს უშლის, რაც მისგან გვახოვს…
“ნაპოლის” შუა კვირაში თასზე “პალერმოსთან” მატჩი უწევს, შემდეგ ჩემპიონატში “მონცა” და “კომო” (ზედიზედ სამი საშინაო შეხვედრა). კონტეს თუკი ცვლილებების გატარება და გუნდის მასთან ადაპტირება სჭირდება, ამისთვის იქნებ საუკეთრსო დროა, ოღონდ, გუნდს ეს ქულების დაკარგვად არ უნდა დაუჯდეს!