8 აპრილს მილიონობით ადამიანი მზის სრულ დაბნელებას იხილავს, განცხადებას NASA აქვეყნებს. მზის სრული დაბნელებისას მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, რის გამოც ცეცხლოვანი ვარსკვლავი ჩვენი პლანეტის ნაწილისთვის გარკვეული დროით უხილავი ხდება. ამას მეორენაირად “ტოტალურობის გზასაც” უწოდებენ.
- რას ნიშნავს მზის სრული დაბნელება და კონკრეტულად სად გამოჩნდება ის?
“ტოტალური გზის” ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მზის სრულ დაბნელებას იხილავენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეეძლებათ შეუიარაღებელი თვალით ე.წ. მზის გვირგვინი (“ცეცხლოვანი რგოლი”), ანუ ვარსკვლავის გარე ატმოსფერო დაინახონ, რომელიც, როგორც წესი, მზის სიკაშკაშის გამო არ ჩანს. ის ადამიანები, რომლებიც “ტოტალურობის გზის” გარე ტერიტორიებზე იმყოფებიან, მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელებას დაინახავენ. მზის სრული დაბნელებისგან განსხვავებით, ამ დროს მთვარე მზის უმეტეს ნაწილს ფარავს, მაგრამ არა მთელს.
2024 წლის 8 აპრილს მზის სრული დაბნელება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაიწყება, შემდეგ კი ის ჩრდილოეთ ამერიკას, მექსიკას, შეერთებულ შტატებს და საბოლოოდ კანადას გადაკვეთს. 8 აპრილის შემდეგ აშშ-ში მომდევნო მზის სრული დაბნელება 2044 წლამდე აღარ განმეორდება.
NASA-ს თქმით, მზის ნაწილობრივი დაბნელება შეერთებული შტატების 48 მიმდებარე შტატში მცხოვრები ადამიანებისთვისაც ხილული იქნება.
ექსპერტები ადამიანებს აფრთხილებენ, რომ სპეციალურად მზის საყურებლად შექმნილი თვალის დამცავის გამოყენების გარეშე კაშკაშა ვარსკვლავის ყურება სახიფათოა. ისინი დასძენენ, რომ ამისთვის სპეციალური მზის ფილტრი უნდა გამოვიყენოთ.
- ექსპერტების თქმით, მზის დაბნელების ყურება, იქნება ეს კამერის ლინზებით, ბინოკლებით, ტელექსკოპებით თუ მზის სათვალეებით, შესაძლოა, თვალის მძიმე დაზიანებით დასრულდეს.
ერთადერთი მომენტი, როცა ადამიანებისთვის მზის სრული დაბნელების ყურება უსაფრთხო ხდება, ის მოკლე დროა, როცა მთვარე მთლიანად ბლოკავს მზის ზედაპირს.