როდის ითვლება სესხი ხანდაზმულად და რა უნდა გავითვალისწინოთ საკრედიტო ბიუროებთან ურთიერთობის დროს?

იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ხანდაზმული სესხებისა და საკრედიტო ბიუროებთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
მან განმარტა, თუ რა შემთხვევაში ითვლება სესხი ხანდაზმულად და რისი უფლება აქვს მოქალაქესა და მსესხებელს თავიანთი ინტერესების დასაცავად.
„ნებისმიერი სასესხო ხელშეკრულება, რომლის დადებიდან და არ შესრულებიდან არის გასული 3 წელიწადი, მოქალაქე თავისუფლდება სესხის გადახდის ვალდებულებისგან.
მაგალითად, სიტყვაზე 2020 წლის 1-ელ ივლისს სესხი ჰქონდა გადასახდელი და 2 ივლისს არ გადაიხადა, 3 ივლისიდან ბანკს ან ნებისმიერ ფინანსურ ორგანიზაციას, უფლება აქვს მოითხოვოს გადახდა. სწორედ აქედან აითვლება ხანდაზმულობის ვადა 3 წელიწადი. სესხი აქტიური იქნება 2023 წლის 3 ივლისამდე და ამ პერიოდში კრედიტორს აქვს უფლება მოითხოვოს სესხის დაბრუნება, მაგრამ 3 ივლისიდან უკვე სესხი ხანდაზმულია და მსესხებელი გათავისუფლებულია მისი გადახდისგან“,- განაცხადა იურისტმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ სესხი ხანდაზმულად იქნეს ცნობილი, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილება.
„ხანდაზმულობის ვადა დასტურდება და ძალაში შედის მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მანამდე თუ ფინანსური ბიურო ან ვალის ამომღები ორგანიზაცია ითხოვს გადახდას, სესხი ნებისმიერ დროს შეიძლება გაცოცხლდეს, თუ სესხის ამღები დათანხმდება მათ, თუნდაც სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ან ავანსის შეტანით ან ნებისმიერი გარანტიის მიცემით.
ამიტომ მინდა გავაფრთხილო მოქალაქეები, რომ თუ მათ სურთ სესხი ხანდაზმული იყოს, არ დათანხმდნენ თუნდაც ავანსის სახით 10 ან 20 ლარის შეტანას, რადგან ამ შემთხვევაში სესხი გაცოცხლდება და მსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის სასურველი პირობებით თანხის დაფარვა. მოქალაქემ უნდა უთხრას ფინანსურ ბიუროს რომ მისი სესხი არის ხანდაზმული და ორგანიზაციამ მიმართოს სასამართლოს“, – აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
როგორც მან განმარტა, მოქალაქეს უფლება აქვს თავადაც მიმართოს ეროვნულ ბანკს განცხადებით, და ეროვნული ბანკი შესაბამის სანქციას დაუწესებს ფინანსურ ორგანიზაციას.
იურისტმა ასევე განმარტა, რომ ვადაგადაცილებულ სესხზე ბანკსა თუ სხვა ფინანსურ დაწესებულებას, პირგასამტეხლო და ჯარიმა შეუძლიათ დააკისრონ მსესხებელს მხოლოდ მაქსიმუმ 180 დღის ვადაზე.
ასევე თუ მოქალაქეს სესხის ამომღები ორგანიზაციებიდან უკავშირდებიან და სთხოვენ ინფორმაციის გაცემას გარკვეულ პირზე, მას უფლება აქვს დაუკავშირდეს ეროვნულ ბანკს, მიაწოდოს ინფორმაცია ზარის შესახებ და ეროვნული ბანკი მიიღებს შესაბამის ზომებს.
ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს ასევე უფლება აქვს მიმართოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს, რათა მათ მოახდინონ მის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა.
ამავდროულად, თუ ადგილი აქვს მუქარას, უხეშ საუბარსა და შეურაცხყოფას, ყველა ზარი იწერება და მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამართალდამცველებს.
იურისტმა ასევე ისაუბრა საკრედიტო ისტორიაზე ხანდაზმული სესხის გავლენაზე და აღნიშნა, რომ სესხი ხანდაზმულად ცხადდება მხოლოდ სასამართლოს მიერ და ასეთი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიმართოს კრედიტინფოს და მოითხოვოს მისგან ისტორიის ცვლილება. ხანდაზმული სესხის სტატუსი მქონე ვალდებულება საკრედიტო ისტორიაში რჩება 5 წლის ვადით.