როდის ეყოლება მსოფლიოს პირველი ტრილიონერი – ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა სიმდიდრე გაიორმაგა, ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდნენ

გლობალური კორპორაციული და მონოპოლიური ძალაუფლების კონცენტრაცია აძლიერებს უთანასწორობას, რის შედეგადაც ყველაზე მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ყველაზე ღარიბები კი უფრო ღარიბები ხდებიან. ამის შესახებ euronews-ი წერს
მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა გააორმაგა თავისი ქონება 2020 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ღარიბი ფენის 60%-ს ფული კიდევ უფრო შეუმცირდათ. ამის შესახებ ნათქვამია Oxfam-მის ანგარიშში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა დავოსში, სადაც ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) იმართება.
კვლევითი კომპანია Wealth X-ის მონაცემებით, 2020 წლიდან ილონ მასკის, ბერნარ არნოს, ჯეფ ბეზოსის, ლარი ელისონისა და მარკ ცუკერბერგის – მსოფლიოს ხუთ უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი ქონება – 423,8 მილიარდი ევროთი (464 მილიარდი დოლარით), ანუ 114 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში, მსოფლიოს ყველაზე ღარიბმა 4,77 მილიარდმა ადამიანმა დაკარგა თავისი სიმდიდრის 0,2 პროცენტი.
ეს ნიშნავს, რომ მაშინ, როცა მილიარდერები 2023 წელს 3 ტრილიონი ევროთი (3,3 ტრილიონი დოლარით) უფრო მდიდრები არიან, ვიდრე 2020 წელს – მათი სიმდიდრე კი სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი, ამავდროულად თითქმის 5 მილიარდი ადამიანი უფრო ღარიბია.
მდიდრებსა და ღარიბებს შორის უზარმაზარი უფსკრული, სავარაუდოდ, გაღრმავდება და ვითარება ათწლეულის შემდეგ პირველ ტრილიონერსაც შექმნის.
მეორე მხრივ, Oxfam-ის შეფასებით, გლობალური სიღარიბის აღმოფხვრას სულ მცირე 230 წელიწადი დასჭირდება.
არსებული უთანასწორობა ნაწილობრივ აიხსნება ძალაუფლების კონცენტრაციით იმათ ხელში, ვინც დაინტერესებულია საკუთარი მოგების მაქსიმიზაციაში და არა სიმდიდრის გადანაწილებით მუშებსა და საზოგადოებას შორის.
Oxfam-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ათი უმსხვილესი კორპორაციებიდან შვიდს მილიარდერი ჰყავს სათავეში, ხოლო მსოფლიოს უმდიდრესი 1% ფლობს მსოფლიო ფინანსური აქტივების 43%-ს.
იგივე ეს 1% ატმოსფეროში უშვებს იმდენ ნახშირორჟანგს, რამდენსაც მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი – ყველაზე ღარიბი ფენა.
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები მამაკაცები არიან და ეს შემთხვევითი არაა.
Oxfam-ის მონაცემებით, მსოფლიოში მამაკაცების ქონება 95.9 ტრილიონი ევროთი (105 ტრილიონი დოლარი) მეტია, ვიდრე ქალების.
ორგანიზაციის შეფასებით, ქალებს, რომლებიც მუშაობენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში დასჭირდებათ 1200 წელი, რომ გამოიმუშაობ იმდენივე, რასაც საშუალოდ წელწადში გამოიმუშავებს Fortune 100-ის სიაში შესული მსხვილი კომპანიის გენერალური დირექტორი.